ფაჩულიას სეზონის საუკეთესო მატჩი “მინესოტასთან” მოგებით არ დაფასდა

ფაჩულიას სეზონის საუკეთესო მატჩი “მინესოტასთან” მოგებით არ დაფასდა

ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. “მინესოტა ტიმბერვულვსთან” მატჩში ქართველი ცენტრი სათადარიგო იყო, თუმცა მოედანზე ჯავალ მაკგის ნაცვლად შესულმა დიდი შედეგიანობა გამოიჩინა და ის მწვრთნელმა, სტივ კერმა მოედანზე კარგა ხნით დატოვა. 25 წუთში ფაჩულიამ 16 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, თუმცა დასანანი ისაა, რომ “გოლდენ სტეიტმ” ეს მატჩი წააგო – 103:109.

ქართველი ცენტრისთვის ეს გახლდათ მიმდინარე სეზონის პირველი და ნბა-ს კარიერაში 113-ე ორმაგი დუბლი. მოედანზე გასულმა ფაჩულიამ 7-დან შვიდივე ორქულიანი ჩააგდო და ოკლენდურ გუნდს დიდი ბიძგი მისცა, მაგრამ ტრავმირებული სტეფ კარის გარეშე დარჩენილმა “მეომრებმა” ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგეს (წინა მატჩი “პორტლენდთან” დათმეს).

“ის განაგრძობს კარგ კონდიციაში ყოფნას. ის ყოველთვის მზადყოფნაში და პოზიტიურია. მე გაკვირვებული ვარ ფაჩულიათი” – განაცხადა მატჩის შემდეგ “გოლდენ სტეიტის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა.

მთლიანობაში ზაზამ 9-დან 7 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულასა და 11 მოხსნასთან ერთად ფაჩულიამ 3 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. 39 ქულისა და 12 მოხსნის მიმთვლელი კევინ დიურანტივით ვერა, მაგრამ ფაჩულია ძალიან შედეგიანი იყო და ტრავმირებულთა (კარი, იგუდალა, ვესტი, ბელი) არყოფნაში გუნდს ერთ-ერთ ლიდერად მოევლინა. რაც შეეხებათ გამარჯვებულებს, “მინესოტას” ზაზას ოპონენტმა ახალგაზრდა ცენტრმა, კარლ ენტონი თაუნსმა ულიდერა, რომელმაც 31 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა.

მარცხმა “გოლდენ სტეიტს” არ მისცა ლიგის ლიდერ “ჰიუსტონთან” წამოწევის საშუალება და 51 მოგებითა და 14 მარცხით 30-გუნდიან ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მე-2 პოზიციაზეა. შემდეგ მატჩში, 15 მარტს,  ოკლენდელები “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” უმასპინძლებენ.