ფაჩულიას შვიდიანები მილუოკიში

ფაჩულიას შვიდიანები მილუოკიში

ზედიზედ მოპოვებული 4 გამარჯვების შემდეგ „ატლანტა ჰოუქსმა“ წააგო. ჯორჯიული კლუბის შედეგიანი სერიის წამხდენი „მილუოკი ბაქსი“ აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარ მოედანზე დაძაბულ ბრძოლაში – 108:101 იმარჯვა.
გადამწყვეტი მეოთხედის წინ ატლანტელები 1 ქულით იგებდნენ, თუმცა ბოლო პერიოდი 22:30 დათმეს და საბოლოოდ დამარცხდნენ კიდეც. შეიძლება ითვას,  რომ ატლანტელებს ძალა აღარ ეყოთ. სამ დღეში ზედიზედ ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ „ქორებმა“ ერთი დღე დაისვენეს და მილუოკიში „ბაქსთან“ სათამაშოდ ჩაფრინდნენ. 3 პერიოდი ყოჩაღადაც იომეს, მაგრამ…
ქართველმა ცენტრმა ნორმალურად ითამაშა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანი 7 ქულით, 7 მოხსნით, 1 პასით და 1 ჩაჭრით დატოვა. ზაზამ მოედანზე მთლიანობაში 32:22 წუთი გაატარა და 5-დან სამ ორქულიანთან ერთად ორში ერთი საჯარიმოც ჩააგდო.

მილუოკელი ეპკე უდოჰი ფაჩულიაზე ჯარიმდება
კარგად გაისარჯა ფაჩულიას მარქაფი ივან ჯონსონი, რომელმაც თამაშიდან ნასროლი შვიდივე სროლა ჩააგდო და შეხვედრა კარიერის საუკეთესო შედეგით – 17 ქულით დაასრულა. შესანიშნავად ითამაშა ჯოშ სმიტმა, რომელმაც ატლანტელებს 30 ქულასთან ერთად 18 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მოუტანა, თუმცა მას სათანადოდ მხარი ვერ აუბა ჯო ჯონსონმა, რომლის უნიათო გარჯის ბრალი იყო, ატლანტელებმა რომ ვერ იმარჯვეს.
30 მოგება და 21 მარცხი – ატლანტელთა ეს შედეგი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილის ტოლფასია. ჩაუქობს „ინდიანა“, რომელიც მე-5 ადგილს ხან უთმობს და ხანაც ართმევს ატლანტელებს. „ქორებს“ არც ამჯერად აქვთ შესვენება. ხვალ ისინი უკვე შინ „ჩიკაგოს“ უმასპინძლებენ.