ფაჩულიასა და “ატლანტასთვის” სეზონი დასრულებულია

ფაჩულიასა და “ატლანტასთვის” სეზონი დასრულებულია

როგორც მოსალოდნელი იყო, „ატლანტასთვის“ “ორლანდო მეჯიქი” გადაულახავი ბარიერი გამოდგა. ზაზა ფაჩულიას გუნდმა მეოთხედფინალის მორიგი მატჩი შინ „ორლანდოსთან“ 84:98 წაააგო და სერია მშრალი ანგარიშით – 0:4 დათმო.
 
ატლანტელები რეგულარულ ჩემპიონატში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და ძნელად სავარაუდო იყო, რომ ისინი „ორლანდოს“ სათანადო ბრძოლას თუ არ გაუმართავდნენ, 1–2 მატჩს მაინც მოუგებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ფლორიდული გუნდი ერთი თავით მაღლა იდგა „ატლანტაზე“ და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალშიც იოლად გავიდა.
ჩვენ ფაჩულიას მონაგარი გვაინტერესებს და გეტყვით, რომ ქართველმა ლეგიონერმა სეზონის ბოლო შეხვედრაში 6 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 3–დან 2 ორქულიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მან მოედანზე 17 წუთი გაატარა და 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო.
 
მაშ ასე, „ატლანტასთვის“ სეზონი მოსალოდნელზე შედარებით ადრიანად დასრულდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფაჩულიას შედარებით მეტი დრო ექნება, რათა სეზონის განმავლობაში დაღლილი კუნთები მოადუნოს და საქართველოს ეროვნული ნაკრების შეკრებაზე დასვენებულ–მოსვენებული ჩამოვიდეს.
 

ფაჩულია და ორლანდოელი მეტ ბარნსი საჰაერო ბრძოლისას