ფარღალავამ “ენერჯი” გატეხა

ფარღალავამ “ენერჯი” გატეხა

ცენტრალური მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
„სოხუმმა“ აქამდე წაუგებელი „ენერჯი“ ბოლო მეოთხედში გატეხა და
მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

 

ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი გასული 4 სეზონი ამერიკის სტუდენტურ
ლიგაში ნათამაშები ლაშა ფარღალავაა, რომელიც 33 ქულით მე–3 ტურის ბომბარდირი
გახდა. ფარღალავამ ბოლო მეოთხედის შუაწელში, როცა თანაბარი ორთაბრძოლა
მიმდინარეობდა, მიყოლებით 3 სამქულიანი ჩააგდო, მეტოქეს ბურთი სამჯერ ჩაუჭრა,
რამდენიმე გამოზომილი პასიც გასცა და შეხვედრის ბედი სოხუმელთა სასარგებლოდ
გადაწყვიტა. ფარღალავა კარგად იბრძოდა ფარქვეშაც და და საბოლოოდ მატჩში ყველაზე
მეტი – 11 მოხსნა მოაგროვა.

რუსთაველთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად საგრძნობი
სადებიუტო ჩამორჩენისა, მათ თამაშის გათანაბრება მოახერხეს. დასაწყისში  სოხუმელები 26:9 დაწინაურდნენ, თუმცა მიხეილ
ბერუაშვილმა წუთშესვენებებითა და გამართული ტაქტიკით ჯერ ანგარიშის შემცირება,
მერე კი გათანაბრებაც კი მოახერხა. რუსთაველთაგან გამოირჩეოდა ბექა წივწივაძე,
რომელმაც საბოლოოდ 19 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა. ცენტრი სამუელ ლამუ კი შორიდან
ლაშქრავდა სოხუმელთა კალათს – მან 6–დან 4 სამქულიანი ჩააგდო. 

 

გადამწყვეტი მეოთხედის წინ „სოხუმი“ მცირედით ლიდერობადა, თუმცა
ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში როგორც აღვნიშნეთ, ლაშა ფარღალავამ აიღო საკუთარ
თავზე თამაში, მას შავკანიანი ძმები – კარლ და რიჩარდ დამუსებიც შეეშველნენ და
საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე სოხუმელთა უპირატესობამ 13 ქულას მიაღწია. აქ კი
ყველაფერი ცხადი გახდა – სოხუმელებმა სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვეს და
ცხრილში „ენერჯი–ინვესტს“ გაუთანაბრდნენ.

მატჩის სტატისტიკა: http://www.superleague.ge/results.php?gameid=286