ფედერაციამ ჩემპიონატების მომსახურე მედპერსონალის სერთიფიცირება დაიწყო

ფედერაციამ ჩემპიონატების მომსახურე მედპერსონალის სერთიფიცირება დაიწყო

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციამ სუპერლიგის, “ა” ლიგისა და ასაკობრივი ჩემპიონატების მატჩებზე მომსახურე სამედიცინო პერსონალის სერთიფიცირება დაიწყო. ფედერაციის სამედიცინო სამსახურის ორგანიზებითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, დღეს და ხვალ მედიკოსებს პირველადი დახმარების სემინარები ჩაუტარდებათ, რომლის დასრულების შემდეგაც გაიმართება ტესტირება. 

ფედერაციის გადაწყვეტილებით, თუკი აღნიშნული სემინარების გავლისა და ტესიტების გზით პირველადი დახმარების სერთიფიკატს არ აიღებენ, მედიკოსებს საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე კლუბების მომსახურება აეკრძალებათ. ეს გახლავთ სპეციალურად შემუშავებული პროგრამა, რომელიც მიესადაგება სპორტულ, კონკრეტულად კი კალათბურთელთა პირველად დახმარებას და მისი ცოდნა თამაშების მომსახურე მედპერსონალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. 

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში დღეს ქართული კლუბების ექიმებმა მოიყარეს თავი. სემინარებს ესწრებოდნენ ასევე ის მედიკოსებიც, რომლებიც კალათბურთის ფედერაციას ჰყავს დაქირავებული ასაკობრივი ჩემპიონატების სამედიცინო მომსახურებისთვის. მსმენელებს ჩაუტარდათ სემინარები პირველადი დახმარების გაწევის ყველა არსებული, თანამედროვე მეთოდების გათვალისწინებით. თეორიულს თან მოსდევს პრაქტიკული ნაწილიც, რომელიც კავკასიის უნივერისტეტის სამედიცინო ტრენინგ-ცენტრში გაიმართება. 

ორდღიანი სემინარები გამოცდებით დასრულდება, რის შედეგადაც გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატები. კალათბურთის ფედერაციის სამედიცინო სამსახური თემურ ხვედელიძისა და ზურა სულეიმანაშვილის ხელმძღვანელობით სისტემატიურად იზრუნებს იმ მედპერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რომელიც საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს, ასევე სუპერლიგას, “ა” ლიგას და ასაკობრივ ჩემპიონატებს ემსახურებიან.