ქართული კალათბურთის დიდი მოამაგე, დამოუკიდებელი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი, როლანდ ხომერიკი იუბილარია. ბატონი როლანდი 90 წლის გახდა და ის 80 წელზე მეტია, კალათბურთშია.
როლანდ ხომერიკმა კალათბურთის თამაში ადრიან ასაკში დაიწყო და 1952 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იუნიორთა შორის. მან მსაჯობა 20 წლის ასაკში დაიწყო და 1956 წლიდან საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის, ხოლო 1973 წლიდან, შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ, საერთშორისო მატჩებს ემსახურებოდა.
1975 წელს ხომერიკი გახდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ხოლო 1980 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე ხელმძღვანელობდა სპორტკომიტეტის სპორტული თამაშების სამმართველოს. ბატონ როლანდ ხომერიკს დიდი წვლილი მიუძღვის დამოუკიდებელი საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და შემდგომში ეროვნული ნაკრების შექმნაში. დაარსების დღიდან იგი ფედერაციაში საპასუხისმგებლო პოსტებზე მუშაობდა და დღემდე აქტიურად არის ჩართული ქათული სამსაჯო კორპუსის მუშაობასა და განვითარების საქმეში.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ქართული სპორტული საზოგადოების სახელით ულოცავს ბატონ როლანდ ხომერიკს იუბილეს და წარმატებებს უსურვებს მას პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში.