ფეხნტკივანი ფაჩულია “ნიუ ჯერსისთან” დაასვენეს

ფეხნტკივანი ფაჩულია “ნიუ ჯერსისთან” დაასვენეს

დღეს გამთენიისას გამართულ მატჩში ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია. „ატლანტას“ ქართველ ცენტრს აქილევსის მყესი აწუხებს და მწვრთნელმა მას დასვენების საშუალება მისცა. ზაზას აქილევსი 2 დღის წინ, „კლივლენდთან“ მატჩში მოედანზე 48-წუთიანი თამაშის შემდეგ ასტკივდა. რაკი ისე დაემტხვა, რომ „ატლანტას“ უახლოეს 3 დღეში 3 მატჩი ჰქონდა ჩასატარებელი, ხელმძღვანელობამ ქართველ ცენტრს შედარებით სუსტ მეტოქე „ნიუ ჯერსისთან“ განტვირთვის საშუალება მისცა. იგი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა.

სასტარტო ხუთეულში ზაზას ადგილი გამოჯანმრთელებულმა ჯეისონ კოლინსმა დაიკავა, მაგრამ ატლანტელებს ვერაფრით შეეწია. 14 წუთში კოლინსმა მხოლოდ 2 მოხსნის მოგროვება შესძლო და მოედანი უქულოდ დატოვა. ცენტრის პოზიციაზე მისმა მარქაფმა ივან ჯონსონმა კი 21 წუთში 5 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. „ატლანტამ“ მეტოქე 93:84 დაამარცხა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე მყოფ „ინდიანას“ გაუთანაბრდა. ფაჩულიას გუნდს, რომელსაც 28 მოგება და 20 მარცხი აქვს, მომდევნო მატჩს ხვალ გამთენიისას ვაშინგტონში, ხოლო ზეგ – შინ „იუტასთან“ გამართავს.