ფიბა-ევროპამ დაადგინა: ევრობასკეტზე 14 კალათბურთელით

გადაწყდა: ევროპის ჩემპიონატზე თითოეული გუნდი 14 კალათბურთელით გაემგზავრება. აქამდე ეს მხოლოდ ვარაუდი იყო, რადგან ფიბა–ევროპის აღმასრულებელ კომიტეტს 2010 წლის 30 მაისს მიღებული გადაწყვეტილების რატიფიცირება არ ჰქონდა მოხდენილი. გასულ წელს ეს გადაწყვეტილება ფიბა–ევროპამ ევრობასკეტის მონაწილე გუნდების თხოვნით მიიღო. მოგეხსენებათ, ევროჩემპიონატზე გუნდებს ძალიან დატვირთული გრაფიკი (5 მატჩი 6 დღეში მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე) დაუდგინეს და ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოც შემადგენლობის გაზრდას დათანხმდა. ამ ცვლილების დაკანონება კი ეხლაღა მოხდა.
 
ასე და ამგვარად, ევროპის  ჩემპიონატზე, რომელიც 31 აგვისტოს ლიტვაში დაიწყება, თითოეული ნაკრები 14 კალათბურთელით იქნება წარმოდგენილი, თუმცა კონკრეტული მატჩის განაცხადში 12 მათგანს შეიყვანენ. შესაბამისად, გაიზარდა გუნდში ნატურალიზებული მოთამაშეების ყოლის ოდენობაც. თუკი აქამდე, 12–კაციან შემადგენლობაში მხოლოდ 1 ნატურალიზებული მოთამაში ყოლის უფლება იყო ნებადართული, 14–კაციანში 2 უცხოელის აყვანა შეიძლება. ოღონდ, როგორც აქამდე, მატჩის განაცხადში მხოლოდ 1 მათგანის შეყვანა იქნება შესაძლებელი.