საქართველოსა და თურქეთს შორის გამართულ ევრობასკეტის მატჩის შედეგზე თურქეთის კალათბურთის ფედერაციის მიერ ფიბა-ევროპაში შეტანილი ოფიციალური პროტესტი უარყოფილია. ეს გადაწყვეტილება მიიღო ევრობასკეტის ძირითადმა ორგანიზატორმა ფიბა-მ, რომლის შესაბამისმა ორგანომ ვერ გამოაშკარავა იმ დონის შეცდომა, რომელსაც შეეძლო თამაშის შედეგზე გავლენა მოეხდინა.
თურქეთის მხარე მიანიშნებდა იმ გაპარულ 22 წამზე, რომელსაც ადგილი მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 4:48 წუთით ადრე ჰქონდა. ამ დროს მოედანზე ვითარება დაიძაბა, რადგან დუდა სანაძესა და ფურკან ქორქმაზს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. კონფლიქტის დაწყებიდან მალევე დროის ათვლა გაგრძელდა და 22 წამში წამმზომი შეჩერდა. თამაში რომ განახლდა, ტაბლოზე 4:48 წუთის ნაცვლად 4:26 ეწერა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ 14:26 წუთი ითამაშეს და საბოლოოდ საქართველომ 88:83 დაამარცხა მეტოქე.
სწორედ ამ შედეგის გაუქმებას და მატჩის სრულად ან დარჩენილი 4:48 წუთის გადათამაშებას ითხოვდნენ თურქები, თუმცა მათი პროტესტი ფიბა-ევროპამ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც გასახლდელში მიმავალ დერეფანში მოხდა, ამაზე ფიბას ოფიციალურ განცხადებაში წერია: “გამოძიება, რომელიც დაიწყო იმ მოქმედებების გამო, რომელიც მოხდა გუნდების ზონაში და რომელშიც ორივე გუნდის მოთამაშეები და დელეგაციის წევრები იყვნენ ჩართულნი, მიმდინარეობს. როგორც კი გამოძიება დასკვნას გამოიტანს, ფიბა-ს შესაბამისი ორგანოები განსაზღვრავენ დისციპლინარული სასჯელის ზომას.