ფიბა–ევროპის საიტზე მიმდინარეობს ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა გაცნობა. ეს ხდება სხვადასხვა მოთამაშეთა წარდგენით, რომელთა შესახებაც ევროპელი ჟურნალისტები ჩანახატივით სტატიებს აქვეყნებენ. საქართველო რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, იმ დღეებში ზაზა ფაჩულიას შესახებ გამოქვეყნდა ჩანახატი, ახლა კი ნიკოლოზ ცქიტიშვილი მოხვდა ფიბა–ევროპის ვებ–გვერდის სამიზნეში. ჟურნალისტმა ჯეფ ტეილორმა საკმაოდ საინტერესოდ წარმოაჩინა საქართველოს ნაკრების ფორვარდი. გთავაზობთ ამ ჩანახატის თარგმანს. სტატია ქვეთავებადაა დაყოფილი
ევრობასკეტ 2011
ნიკოლოზ ცქიტიშვილი ჩაფიქრებული მიდიოდა საკუთარი გუნდის ავტობუსისკენ. მას სახალისოდ საქმე არ ჰქონდა. მისმა გუნდმა „ლაგუნ არომ“ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩი „ვალენსიასთან“ წააგო, ეს სან სებასტიანელებისთვის ზედიზედ მე–6 მარცხი გახლდათ. ცქიტიშვილს განწყობილება გამოუკეთდა, როცა ჩემგან დასმული კითხვა მოისმინა. „ნიკოლოზ, მოუთმენლად ელი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს?“27 წლის კალათბურთელი შეჩერდა და ამ თემაზე საუბარი უდრტვინველად დაიწყო:
„ეს დაუჯერებელია. ეროვნულ ნაკრებში 12 წელია ვთამაშობ. დაახლოებით 15 წლის ვიყავი, როცა ეროვნულ გუნდში პირველად რომ გამომიძახეს. საქართველო ბევრს ცდილობდა, არაფერს იშურებდა, ევროპის ჩემპიონატზე რომ მოხვედრილიყო, მაგრამ ამას ვერ ახარხებდა. და ახლა სრულიად მოულოდნელად მოხდა, რომ ფინალურ ეტაპზე აღმოვჩნდით. ჩვენ გვითხრეს, ბიჭებო, ევრობასკეტზე გახვედითო და ყველამ ძალიან გავიხარეთ“.
გასულ შესარჩევ ტურნირში საქართველომ საკმაოდ კარგად ითამაშა, 5 მატჩი მოიგო, 3 წააგო და ევროპის ჩემპიონატზე ბურთების შეფარდების გამო ვერ მოხვდა. თუმცა ფიბა–ევროპამ მალევე გამოაცხადა, რომ ევროჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობა 16–დან 24–ამდე იზრდება და საქართველომაც სხვა ნაკრებებთან ერთად ფინალური ეტაპის საგზური მიიღო. ეს საქართველოსთვის ღრუბლებიდან მზის გამონათებას ჰგავდა.
„ჩვენ გაგვიმართლა, ფიბა–ევროპამ რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო – ამბობს ცქიტიშვილი – ახლა ევროპაზე 24 გუნდი თამაშობს და ჩვენც იქ ვართ. საქართველო დიდ ხანს ბრძოლობდა იქ მოსახვედრად“
წინ რთული ბრძოლებია
საქართველო D ჯგუფში მოხვდა სლოვენიასთან, რუსეთთან, ბელგიასთან, ბულგარეთთან და უკრაინასთან. ჯგუფიდან 3 საუკეთესო გადის. ქართველებს არაერთი კარგი მოთამაშე ჰყავთ. „ატლანტა ჰოუქსის“ ცენტრი ზაზა ფაჩულია 15,8 ქულით გასულ საკვალიფიკაციოში საქართველოს ნაკრების ბომბარდირი იყო, ხოლო საუკეთესო მომხსნელი ვიქტორ სანიკიძე (9,4) გახდა. მანუჩარ მარკოიშვილმა, ნატურალიზებულმა ტორისნ გრინმა და გიორგი ცინცაძემ დიდი დახმარება გაუწიეს ქართველებს გასულ მატჩებში.
„ჩვენ ძლიერები ვართ – ამბობს ცქიტიშვილი – ჩვენ ტალანტები გვყავს. როცა ვიკრიბებით, მთელი მონდომებით ვვარჯიშობთ. გვყავს კარგი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი. რთული თამაშები გველის რუსეთთან, სლოვენიასთან, უკრაინასთან და ბელგიასთან, მაგრამ ჩვენ უშანსოდ არ ვართ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და მაქსიმუმს ვეცდებით”.
ნბა–ს გამოცდილება
ცქიტიშვილს რაღაც საერთიო აქვს ფაჩულიასთან. ისიც ნბა–ში თამაშობდა. ცქიტიშვილი 2002 წელს დრაფტზე მე–5 ნომრად აირჩიეს, თუმცა ნბა–ში ფეხი ვერ მოიკიდა და 2006 წელს ევროპაში დაბრუნდა. მან რუსეთში, იტალიასა და ესპანეთში ითამაშა.
„ძალიან მომწონდა ამერიკა – იხსენებს ცქიტიშვილი – ახალბედას ნბა–ში რთული დროება მქონდა. მე იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან გაცილებით უკეთესად შემეძლო თავის წარმოჩენა და ეს ვერ მოვახერხე. ხშირად ვფიქრობ, რომ სანამ ახალგაზრდა ვიყავი, მეტის მიღწევა შემეძლო”.
მომავალი
ცქიტიშვილი 14 აპრილს 28 წლის გახდება. მას ჰქონდა რამდენიმე კარგი თამაში „ლაგუნ აროში“, მაგრამ ნიკოლოზს მოედანზე დიდ ხანს არ ამყოფებენ. ბოლო 3 მატჩი მას ფაქტობრივად არ უთამაშია.
„მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება – იმედიანადაა ცქიტიშვილი – მე ვმუშაობ საკუთარ თავზე, ვვარჯიშობ და მომავალ სეზონში ალბათ ისეთ კლუბში მოვხვდები, სადაც უფრო მეტად ვიქნები საჭირო“.
ასეთი განწყობის მიუხედავად, ცქიტიშვილს ძალიან მოსწონს ქალაქი:
„სან სებასტიანში თავს ჩინებულად ვგრძნობ. ეს ერთადერთია, რაც სიმშვიდეს მგვრის. ხშირად მინდება ქალაქში სეირნობა და როცა დრო მაქვს, სან სებასტიანის ღისშესანიშნაობებს ვნახულობ.“