ცნობილი გახდა კალენდარი, რომლითაც მიმდინარე წლის 2-7 ივლისს დაგეგმილი ოლიმპიური თამაშების საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო მატჩები ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევით მოიპოვა ოლიმპიადაზე გასვლის შანსი და პლანეტის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საგზურისთვის მომავალ ივლისში, ლატვიის დედაქალაქ რიგაში იბრძოლებს.
გასული წლის ბოლოს გამართული წილისყრის შედეგად, ქართველი კალათბურთელები რიგაში A ჯგუფში მოხვდნენ და მეტოქეებად მასპინძელი ლატვია და ფილიპინები ეყოლებათ. ლატვიაშივე B ჯგუფი ბრაზილიამ, კამერუნმა და მონტენეგრომ დააკომპლექტეს. ამ ჯგუფების პირველ-მეორე ადგილოსნები ჯვარედინი პრინციპით ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, ჩემპიონი კი ოლიმპიადის საგზურს მიიღებს.
სწორედ ახლა გამოაქვეყნა ფიბა-მ ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირების კალენდარი, რომელიც ასე გამოიყურება (დრო თბილისისაა).
2 ივლისი: ბრაზილია – მონტენეგრო (17:30) ლატვია – საქართველო (21:00)
3 ივლისი: მონტენეგრო – კამერუნი (17:30), ლატვია – ფილიპინები (21:00)
4 ივლისი: ფილიპინები – საქართველო (17:30), კამერუნი – ბრაზილია (21:00)
ნახევარფინალები 6 ივლისს (17:30 და 21:00 საათზე) შედგება, ფინალი კი 7 ივლისს (21:00 საათზე) არის დაგეგმილი. ლატვიაში დაგეგმილი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო მინი-ტურნირს Arena Riga უმასპინძლებს, რომელიც 11 200 მაყურებელს იტევს.
ოლიმპიურ თამაშებზე საკალათბურთო ტურნირის 12 მონაწილიდან 8 უკვე ცნობილია. მასპინძლის რანგში წარსდგება საფრანგეთი, დანარჩენი 7 გუნდი კი ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე დადგინდა კონტინენტური ქვოტების მიხედვით. ესენი არიან: სამხრეთ სუდანი (აფრიკა), აშშ, კანადა (ორივე – ამერიკა), იაპონია (აზია), სერბეთი, გერმანია (ორივე – ევროპა) და ავსტრალია (ოკეანეთი).
რიგის გარდა 2-7 ივლისს კიდევ 3 ქალაქში გაიმართება საკვალიფიკაციო მინი-ტურნირი და ოლიმპიადაზე უკვე გასულ 8 ნაკრებს 4 დაემატება.