ფიბა–მ მსოფლიო ჩემპიონატის “ველური ბარათები” ჩამოარიგა

მაშ ასე – ფიბა–მ როგორც იქნა, გამოაცხადა იმ „ველური ბარათის“ მფლობელები, რომლებსაც ეს ბარათები 2010 წელს თურქეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას ანიჭებს.
 
მსოფლიოს ჩემპიონტზე დარჩენილი იყო 4 ადგილი, რომლებიც ფიბა–მ ამ ქვეყნებს ჩამოურიგა: ლიბანი, ლიტვა, გერმანია და რუსეთი. საქართველოს ნაკრებისთვის, რომელიმაც A დივიზიონში თამაშის უფლება წლეულს მოიპოვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რამდენი ევროპელი ქვეყანა მიიღებდა „ველურ ბარათს“ – საგზურის მიმღებნი ხომ A დივიზიონში ჩვენი პოტენციური მეტოქეების სიიდან ვარდებოდნენ. (ფიბა–ს ასეთი წესი აქვს: თუკი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშობს, ის საკუთარი კონტინენტის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიდან თავისუფლდება).
 
შესარჩევიდან ათავისუფლებს ასევე ევროპულ გუნდებს კონტინენტის პირველობაზე საუკეთესო ექვსეულში მოხვედრა და ამ წესის წყალობით გასულ სექტემბერში, პოლონეთში დამთავრებული ევროპის ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით მომავალ, 2011 წელს ლიტვაში გასამართ ევროპირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვეს ესპანეთმა, სერბეთმა, საბერძნეთმა, ხორვატიამ, სლოვენიამ და საფრანგეთმა. ამას გამოვაკლოთ თურქეთი (მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის მასპინძელი და მონაწილე), ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ლიტვა და ის 2 გუნდიც, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატის „ველური ბარათი“ მიიღეს – რუსეთი და გერმანია. კიდევ ერთი „ველური ბარათის“ მიმღები ლიტვა, როგორც ვთქვით, ისედაც არ ღებულობდა A დივიზიონში მონაწილეობას.
 
ყველა ამ გუნდის გამოკლების შედეგად A დივიზიონში დარჩა 15 ნაკრები, რომლებიც 2010–11 წლების სეზონში ევროპის ჩემპიონატის დარჩენილი 6 საგზურისთვის იბრძოლებენ. ესენი არიან:
იტალია, ინგლისი, უნგრეთი, უკრაინა, ბულგარეთი, ფინეთი, მაკედონია, ლატვია, პორტუგალია, ბელგია, ისრაელი, ბოსნია, პოლონეთი, საქართველო და მონტენეგრო.
ფიბა–ევროპას ჯერ არ აქვს შემუშავებული ის გათამაშების ფორმატი, რომლითაც A დივიზიონში შესარჩევ ტურნირს ჩაატარებს. ეს 15 ნაკრები ან სამ 5–გუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, ანაც რამე სხვა ფორმატს გამონახავენ ფიბა–ევროპის მესვეურები.
ფაქტი ერთია – არის 15 ნაკრები და 6 ევროსაგზური.
 
ყველაფერს იანვრის შუა რიცხვებში შევიტყობთ, როცა ფიბა–ევროპა A დივიზიონის გუნდებს ჯგუფებში გაანაწილებს და კალენდარსაც დაადგენს.