რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები, ასევე ამ ქვეყნების ყველა კლუბი ფიბა-მ საერთაშორისო ტურნირებს 1 მარტს ჩამოაშორა, დღეს კი მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ ზუსტად განსაზღვრა ის პროცედურები, თუ როგორ გაგრძელდება მიმდინარე საერთაშორისო სანაკრებო ტურნირები მათ გარეშე.
რუსეთსა და ბელარუსს არაერთ სენიორთა და ასაკობრივ ტურნირში გამოჰყავდა ნაკრები და ყველას შესახებ საუბარი შორს წაგვიყვანს და არცაა საინტერესო: ქართველ ქომაგებს უპირველესად აინტერესებთ ის შეჯიბრი, სადაც რუსეთი ჩვენი პოტენციური მეტოქე იყო და ეს გახლავთ მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, რომელშიც საქართველოც და რუსეთიც უკვე ოფიციალურად იყვნენ მეორე ეტაპზე გასულები, სადაც გაერთიანებულ ჯგუფში ერთმანეთთან უწევდათ თამაში. რუსეთი ტურნირიდან მოიკვეთა და ოთხგუნდიანი H ჯგუფიდან დარჩენილი სამივე ნაკრები – იტალია, ისლანდია და ჰოლანდია შემდეგ ეტაპზე გავიდა.
ჯგუფის ყველა წევრთან რუსეთის ჩატარებული თამაშების შედეგები ანულირდა და იტალიას, ჰოლანდიას და ისლანდიას მეორე ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ ერთმანეთში ნათამაშებ მატჩებში მოპოვებული ქულები გადაჰყვებათ. სწორედ ამ სამეულს დაემატება G ჯგუფიდან გასული 3 ნაკრები – ესპანეთი, საქართველო და უკრაინა და შეიქმნება საკვალიფიკაციო – 6-გუნდიანი, I ჯგუფი, სადაც პარიტეტის დაცულობის გამო ფიბა-მ ოფიციალური წესებით გათვალისწინებული მეთოდი გამოიყენა და G ჯგუფიდან გასულ გუნდებს (ესპანეთი, საქართველო, უკრაინა ან ჩრდილოეთ მაკედონია) გაუუქმა იმ გუნდთან მოპოვებული ქულები, რომელიც ამ ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს (უკრაინა, ან ჩრდ. მაკედონია). შესაბამისად, მეორე, 6-გუნდიან საკვალიფიკაციო ჯგუფში ყველა მონაწილეს ქულები ჩატარებული თანაბარი მატჩებიდან ექნებათ აღებული. გავიმეორებთ, რომ პირველ ეტაპზე ერთ ჯგუფში მყოფ გუნდებს ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგები გადაჰყვებათ და მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში ერთმანეთს აღარ დაუპირისპირდებიან.
აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველი ეტაპის დარჩენილ 2 მატჩს, რომელსაც საქართველო 1 ივლისს, უკრაინასთან (ლატვიაში) და 4 ივლისს, ესპანეთთან (თბილისში) გამართავს.
რაც შეეხება მომავალ ევროპის ჩემპიონატს, სადაც რუსეთი თბილისში გასამართ ჯგუფში საქართველოს მეტოქეა, გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში ფიბა-ევროპის ხელმძღვანელობა მიიღებს.