5 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე ფიბა-ს “კალათბურთის სახლში” ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა, სადაც რიგით მე-7 სეზონის მონაწილეები ჯგუფებში განაწილდა. ასევე გაიმართა საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრაც, სადაც 24 გუნდი მონაწილეობს და ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრი 3 ადგილისთვის იბრძვის. ამ 24 გუნდს შორისაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის რეკომენდაციითა და მხარდაჭერით ევროსარბიელზე გავიდა.
თსუ-ს გადადგმული ნაბიჯით ქართული საკლუბო კალათბურთი ევროპის საკლუბო რუკაზე დაბრუნდა, სადაც ბოლოს ჩვენებურმა გუნდმა 5 წლის წინ ითამაშა. დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზე ითამაშა, თუმცა ორმატჩიანი დუელი ესპანურ ხუვენტუდთან დათმო და 2017-2018 წლების სეზონის ევროპის თასზე იასპარეზა. თსუ-ც ანალოგიურ სიტუაციაშია. თუკი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, ფიბა ევროპის თასზე გადაინაცვლებს და პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, რომლის ფარგლებშიც 3 მატჩს თბილისში ითამაშებს, სამსაც – გასვლაზე.
ჟენევაში გამართულ წილისყრაზე ჩემპიონთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მონაწილე 29 გუნდი ჯგუფებში განთავსდა. წილისყრით ჯგუფებში განაწილდა ის 3 ადგილიც, რომლებსაც საკვალიფიკაციო ტურნირების გამარჯვებულები დაიკავებენ. ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში გათამაშების ფორმატი უცვლელი დარჩება. მონაწილე 32 გუნდი 8 ჯგუფში იქნება განაწილებული და მომდევნო, მე-2 ჯგუფურ ეტაპზე 16 საუკეთესო გავა. ჩვენ ამ ეტაპზე საკვალიფიკაციო ეტაპი გვაინტერესებს, სადაც თსუ ასპარეზობს და მისი ფორმატი შემდეგნაირია:
ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილი 3 ადგილისთვის, როგორც ვთქვით, 24 გუნდი იბრძვის. ამ გუნდებიდან 8 არის თავისი ქვეყნის ჩემპიონი, რომლებსაც ფიბა-მ ცალკე საკვალიფიკაციო ტურნირი დაუთმო, რომელსაც პირობითად “ჩემპიონთა გზა” (Champions path) დაარქვა. ამ 8 გუნდიდან საუკეთესო მიიღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს, ხოლო დარჩენილი 2 ადგილისთვის კიდევ 16 გუნდი ცალ-ცალკე (8-8) იბრძოლებს. ანუ 3 8-გუნდიანი ბადე შეიქმნა, რომლებშიც ბრძოლა თავისთავად მეოთხედფინალიდან დაიწყება და თითოეული ბადის გამარჯვებული მიიღებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს.
თსუ არის ჩემპიონთა ბადეში, რომელშიც ასევე 7 ქვეყნის ჩემპიონი მოხვდა: ბენფიკა (პორტუგალია), ლევიცე (სლოვაკეთი), აეკ ლარნაკა (კვიპროსი), კალევ-კრამო (ესტონეთი), ბაკენ ბიარსი (დანია), პეჟა (კოსოვო) და ნორჩეპინგ დოლფინსი (შვედეთი). ამ 8 ქვეყნის ჩემპიონიდან 1 მიიღებს ჩემპიონთა ლიგის საგზურს. საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე 16 გუნდი არ არის საკუთარი ქვეყნის ჩემპიონი, თუმცა ისეთ ლიგებს წარმოადგენენ, რომლებიც ევროპაში წამყვანები არიან და ჩემპიონთა ლიგაში არაერთი გუნდი ჰყავთ. მაგალითისთვის: შოლე და სტრასბურგი საფრანგეთიდან, ვარეზე და ბრინდიზი იტალიიდან, ობრადორიო ესპანეთიდან, ლეგია პოლონეთიდან, FMP სერბეთიდან და ასე შემდეგ…
საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები მთლიანად ანტალიაში, 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. წილისყრამ თსუ-ს მეტოქედ პორტუგალიის 29-გზის ჩემპიონი ბენფიკა არგუნა. ამ გუნდებს შორის გამარჯვებული ლევიცესა და აეკ ლარნაკას შორის უმჯობესს შეხვდება და “ჩემპიონთა გზის” ფინალში გავა, სადაც ბადის მეორე მხრიდან (კალევი v ნორჩეპინგი, ბაკენ ბიარსი v პეჟა) გამოსულ საუკეთესო გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის დაუპირისპირდება. სერიები ერთმატჩიანია. დამარცხებული გუნდები საკვალიფიკაციო ტურნირში ასპარეზობას ასრულებენ და წინასწარ დაფიქსირებული განაცხადის საფუძველზე ფიბა ევროპის თასზე ინაცვლებენ. ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის განაცხადის გაკეთების დროს თსუ-ს წაგების შემთხვევაში ფიბა ევროპის თასზე გადასვლის სურვილი უკვე დაფიქსირებული აქვს.
როგორც ვთქვით, გარკვეულია ჩემპიონთა ლიგის ის ჯგუფებიც, რომლებშიც საკვალიფიკაციო ტურნირების გამარჯვებული გუნდები მოხვდებიან. “ჩემპიონთა გზის” გამარჯვებული მოხვდება ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში, სადაც თავი თურქულმა გალათასარაიმ, ისრაელის ჰაპოელმა და ბერძნულმა პაოკმა მოიყარეს. ანუ, საკვალიფიკაციოში წარმატების შემთხვევაში თსუ-ს ევროპის ამ სახელიან გუნდებთან მოუწევს ასპარეზობა.
ფიბა-ს “კალათბურთის” სახლში გამართული წილისყრა ტურნირის აღმასრულებელ დირექტორ პატრიკ კომნიოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა, ტელეკომ ბონის მოთამაშე მიხაილ კესელსმა და ცნობილმა ებრაელმა კალათბურთელმა, იერუსალიმის ჰაპოელის ექს-კაპიტანმა ლიორ ელიაჰუმ წაიყვანეს.
ჟენევაში გამართული კენჭისყრის შემდეგ კომენტარები გააკეთეს ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა, პატრიკ კომნიოსმა, ბენფიკას გენერალურმა მენეჯერმა ჟოაო კრეშპომ და თსუ-ს პრეზიდენტმა ირაკლი ხარჯავანიძემ.
ყველა გუნდის წარმომადგენელმა წილისყრის დაწყების წინ საერთო ფოტო გადაიღო
-
-
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი მიხაელ კესენსი (ტელეკომ ბონი)
-
-
ჟოაო კრეშპო (ბენფიკას გენ-მენეჯერი) და ირაკლი ხარჯავანიძე (თსუ-ს პრეზიდენტი)
-
-
პატრიკ კომნიოსი (ჩემპიონთა ლიგის აღმასრულებელი დირექტორი) და ირაკლი ხარჯავანიძე (თსუ-ს პრეზიდენტი)
-
-
ფიბა-ს კალათბურთის სახლი
-
-
ფიბა-ს შტაბ-ბინა ჟენევაში
-
-
ლიორ ელიაჰუ
“ჩემპიონთა გზის” ბადე , რომელშიც თსუ იასპარეზებს
-
-
საკვალიფიკაციო ტურნირი 2
-
-
საკვალიფიკაციო ტურნირი 3
ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატის ჯგუფები