ფიბა-ს გამოკითხვა 21-ე საუკუნის საქართველოს ნაკრების საუკეთესო ხუთეულის შესარჩევად

ფიბა-ს გამოკითხვა 21-ე საუკუნის საქართველოს ნაკრების საუკეთესო ხუთეულის შესარჩევად

მსოფლიოში კალათბურთის პოპულარიზაციის მიზნით, ფიბა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მიმდინარე წლის 30 მარტიდან ახალი რუბრიკა წამოიწყო, სადაც გულშემატკივრებს ევროპის ქვეყნების ნაკრებებს, წამყვან კალათბურთელებს, დაუვიწყარ მატჩებს და ევრობასკეტთან დაკავშირებულ საინტერესო მოვლენებს აცნობს და ახსენებს. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება კი ის გამოკითხვაა, რომლითაც გულშემატკივრები სხვადასხვა ქვეყნის ეგრედ წოდებულ “დრიმ თიმს” არჩევენ. გამოკითხვაში თავმოყრილია ყველა ის გამორჩეული მოთამაშე, რომელსაც ამა თუ იმ ქვეყნის ნაკრებში 2000-2020 წლებში უთამაშია და მათგან გულშემატკივარმა საუკეთესო ხუთეული უნდა შეარჩიოს. 

15 ივნისს ფიბა-ს ვებ-გვერდმა საქართველოს “ოცნების გუნდის” შესარჩვად გამოკითხვა წამოიწყო, აქამდე კი უკვე შეირჩა სერბეთის, საფრანგეთის, ლიტვის, ხორვატიის, იტალიის, ჩეხეთის, საბერძნეთის, თურქეთის, რუსეთის, ლატვიისა და ესპანეთის სიმბოლური ხუთეულები. ყოველ გამოკითხვას ფიბა ურთავს კონკრეტული ქვეყნის შესახებ მოკლე ინფორმაციულ ტექსტს. საქართველოს შესახებ ფიბა-სეულ ინფორმაციას და გამოკითხვაში მონაწილე მოთამაშეებს ქვემოთ წარმოგიდგენთ:

ფიბა-ს ევრობასკეტის “დრიმ თიმი”:  საქართველო

ქართული კალათბურთის აღზევება თანამედროვე ევროპული კალათბურთის ისტორიის შემადგენელი ნაწილია. საქართველომ ევრობასკეტის საგზური პირველად 2011 წელს მოიპოვა და მას შემდეგ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ამ ქვეყნის გარეშე არ ჩაუვლია. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველო 1992 წელს გაერთიანდა ფიბა-ში, თუმცა 1993-დან 2009 წლამდე გამართული 9 ევრობასკეტიდან ვერც ერთში მოახერხა თამაში. როგორც კი ქართველებმა 2011 წელს პირველად მოიპოვეს ევრობასკეტის საგზური, წარსულისკენ აღარც გაუხედავთ.

საქართველომ 2011 წელს არა მხოლოდ პირველი გამარჯვება მოიპოვა ევრობასკეტზე, არამედ ამ ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დაძლია. საქართველომ პროგრესი გააგრძელა და 2015 წელს ერთ-ერთი საუკეთესო ევროსეზონი ჩაატარა, დაამარცხა რა ევრობასკეტის მასპინძელი ხორვატია, ხოლო მძლავრ ლიტვასთან დრამატულ მერვედფინალში უმეტესწილად ლიდერობდა. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა გუნდმა ზაზა ფაჩულიას, გიორგი შერმადინის, ვიქტორ სანიკიძის, თორნიკე შენგელიას, მანუჩარ მარკოიშვილის და სხვათა შემადგენლობით უხვად მოაგროვა გულშემატკივარი მთელს ევროპაში. 

საქართველო არ დუნდება და ამ ქვეყნის წარმატებებით აღფრთოვანების პიკი 2022 წლის ევრობასკეტის ერთ-ერთი ჯგუფის მასპინძლობაა.

ფიბა-მ საქართველოს 21-ე საუკუნის “დრიმ თიმის” შესარჩევად გამოკითხვაში 12 კალათბურთელი შეიყვანა: ვახტანგ ნაცვლიშვილი, ვლადიმერ ბოისა, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე და მაიკლ დიქსონი. გამოკითხვა მიმდინარეობს ფიბა-ს ვებ-გვერდზე. წარმოდგენილი 12 მოთამაშიდან უნდა შეარჩიოთ საუკეთესო ხუთეული.

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე: 21-ე საუკუნის საქართველოს ნაკრების სიმბოლური ხუთეულის შერჩევა