19-დან 22 ივნისის ჩათვლით სლოვენიის დედაქალაქმა ლიუბლიანამ ევროპის საკალათბურთო ფედერაციების პრეს და მედია ოფიცრების მეორე და დასკვნით სემინარს უმასპინძლა, რომლის სახელწოდებაც EuroStep-ი, ხოლო დევიზი – “გადავიყვანოთ კალათბურთი ციფრულ ერაში” გახლდათ. ღონისძიების მიზანი თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ვორკშოპის მონაწილეთათვის გაცნობა და ამით მათი მუშაობის მოდერნიზაცია და ხელშეწყობა გახლდათ.
პროგრამის ორგანიზატორი მსოფლიო კალათბურთის მმართველი ორგანიზაცია გახლდათ, რომელიც ფიბა-მ ერასმუს + სპორტული პროგრამების ფინანსური და კიოლნის სპორტული უნივერსიტეტის აკადემიური პარტნიორობით განახორციელა. ღონისძიებას უშუალო ორგანიზება გაუწიეს ფიბა ევროპის ქალთა კალათბურთისა და სპეციალური პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელიზაბეტ სებრიანმა, კომუნიკციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა საკის კონტოსმა და ეროვნული ფედერაციების, ახალგაზრდულ და ანტი-დოპინგის დეპარტამენტის უფროსმა რადმილა ტერნერმა. პროგრამის კოორდინატორი გახლდათ წარსულში ავსტრიელი კალათბურთელი, ამჟამად კი ფიბა-ში ღონისძიებების ერთ-ერთი მენეჯერი მორის ლანეგერი,
პროგრამის დასკვნითი ეტაპი ქალთა ევრობასკეტს დაამთხვიეს. Euroste-ის მონაწილეები დაესწრნენ მეოთხედფინალური ეტაპის 2 შეხვედრას და პრაქტიკაში გამოცადეს ის ახალი დეტალები და ტენდენციები, რომელიც პროგრამის სემინარებზე გაჟღერდა. ლიუბლიანაში ვორკშოპზე ევროპის 19 ქვეყნის ფედერაციის 22 წარმომადგენელი იყო. პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ასევე 10 კლუბის 11-მა მედია-წარმომადგენელმა და სლოვენიური კლუბების პრეს-სამსახურების 22-მა წევრმა.
EuroStep-ის წამყვანი სპიკერი ჩრდილოირლანდიელი მარკეტერი, ჯეოფ უილსონი გახლდათ, რომელიც ციფრული მარკეტინგის და დიჯიტალიზაციის საკითხებში FIFA-სთანაც მჭიდროდ თანამშრომლობს. უილსონმა რამდენიმე სემინარი გამართა თანამედროვე ალგორითმებზე, რომელიც სოციალურ მედიაში მუშაობს და რაზეც მედია-ოფიცრებს მართებთ ფოკუსირება საკუთარი საქმიანობის უკეთესად განსახორციელებლად. არანაკლებ მნიშვნელოვანი ის ურთიერთობები იყო, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მედია-ოფიცრებს შორის ჯერ კიდევ მადრიდში დამყარდა და ლიუბლიანაში კიდევ უფრო გამყარდა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხრიდან პროგრამაში მონაწილეობდა საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის წევრი და ეროვნული ნაკრების მედია-ოფიცერი ირაკლი პერტაია.
Eurostep-ის პირველი ვორკშოპი გასული წლის დეკემბერში, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომლის მასპინძელი ესპანეთის კალათბურთის ფედერაცია და მისი პრეზიდენტი, ხორხე გარბახოსა გახლდათ. გარბახოსა ამჯერადაც დაესწრო სემინარს, თუმცა უკვე ფიბა-ევროპის პრეზიდენტის რანგში. წარსულში ცნობილი ესპანელი კალათბურთელი ცოტა ხნის წინ აირჩიეს ევროპული კალათბურთის მმართველი საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად. ფიბა-ევროპის გენერალურ მდივან კამილ ნოვაკთან ერთად ხორხე გარბახოსამ Eurostep-ის პროექტის მონაწილეები შესაბამისი სერტიფიკატით დააჯილდოვა.