21 სექტემბერს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ჩატარდა ფიბა-ს სემინარი, რომელსაც ის სტატისტიკოსები დაესწრნენ, რომლებსაც საერთაშორისო ლიცენზიის მიღე ბა სურთ. ეს გახლდათ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ფიბა-ს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიება, რომლის მიზანიც ქართველი მაგიდის მსაჯების კვალიფიკაციის ამაღლება და მათთვის საერთაშორისო ლიცენზიის მინიჭება გახლდათ.
2 თვის წინ მაგიდის მსაჯების ონლაინ-ტესტირება ჩატარდა, რომლითაც 20-ზე მეტმა ადამიანმა მოიპოვა ლიცენზია. მათი აბსოლუტური უმრავლესობა 21 სექტემბერს ოლიმპიურ სასახლეში გამართულ სტატისტიკოსთა წინასაგამოცდო სემინარსაც დაესწრო, რომლის ჩასატარებლად თბილისში ფიბა-ს პოლონელი ინსტრუქტორი, კრისტიან გორალსკი ჩამოვიდა.
სემინარი 11:00 საათზე დაიწყო და საღამომდე გასტანა. ქართველმა სტატისტიკოსებმა დეტალურად მოისმინეს პოლონელი პროფესიონალი ინსტრუქტორისგან მათი საქმიანობისთვის საჭირო დეტალები, სიახლეები, სტატისტიკის პროგრამის მართვის თავისებურებები და ა. შ.
კრისტიან გორალსკი კმაყოფილი დარჩა ქართველი სტატისტიკოსების ცოდნის დონით და მიესალმა ამ საქმიანობაში სუსტი სქესის წარმომადგენელთა აქტიურ ჩართულობას. სემინარის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით ფიბა-ს საიტზე გაიხსნა ონლაინ-პლატფორმა, სადაც სტატისტიკოსებმა ინდივიდუალურად, ფიბა-ს ვებ-გვერდის პერსონალურ ანგარიშზე წარმატებით ჩააბარეს სტატისტიკოსის სალიცენზიო გამოცდა, რომელიც 30 კითხვისგან შედგებოდა და აუცილებელი იყო 75-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა.
ფიბა-ს სტატისტიკოსის ლიცენზიის მიღების შემდეგ ქართველ პერსონალს საშუალება ეძლევა მოემსახუროს ფიბა-ს მიერ ორგანიზებულ იმ ტურნირებს, რომლებსაც უახლოეს წლებში საქართველო უმასპინძლებს (ან შესაძლოა, უმასპინძლოს):
- ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო
- მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის წინა-საკვალიფიკაციო
- მსოფლიოს 2029 წლის ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო
- ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო
- ფიბა-ს ახალგაზრდული და პატარა ქვეყნების ჩემპიონატები
- ფიბა-ს მიერ ორგანიზებული ნებისმიერი საკლუბო ტურნირი