საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) პროგრამის, „ტაიმაუტ 2“ ის ფარგლებში, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში სემინარი – „ქალები ქართულ კალათბურთში“ გაიმართა. სემინარს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტმა“ უმასპინძლა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქართულ კალათბურთში ჩართულმა ქალებმა – მწვრთნელებმა, მსაჯებმა და აგრეთვე თბილისში მიმდინარე ფიბას 16-წლამდე გოგონათა ევროჩელენჯში მოასპარეზე გუნდების მწვრთნელებმა და მენეჯერებმა.
სემინარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, როგორიცაა სამწვრთნელო გამოცდილება, ტრავმები, სპორტსმენთა კვება და სპორტული ფსიქოლოგია. გამომსვლელთა შორის იყვნენ: ნინო ყიფშიძე, ქალთა კალათბურთის კავშირის პრეზიდენტი; ილიას ზუროსი – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თემურ ხვედელიძე – ეროვნული ნაკრების ექიმი და ფედერაციის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი, ნატალი სენდმანი – ფიბას ღონისძიებების ტექნიკური დელეგატი და სპორტული ფსიქოლოგი – მაია ნანიტაშვილი.
სემინარი საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა სასარგებლო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს გამოცდილი და პროფესიონალი გამომსვლელებისგან.
პროგრამის „ქალები ქართულ კალათბურთში“ მიზანი გახლავთ ქალთა ჩართულობის და მათი როლის ზრდა სპორტის ამ სახეობაში, ქალთა კალათბურთის განვითარება და მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება.
შეხვედრის მიწურულს, სემინარი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა შეაჯამა, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქალთა კალათბურთის განვითარება ფედერაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამისთვის ყველა მხარის თანაბარი ჩართულობა და დაინტერესება მნიშვნელოვანია.
სემინარის მონაწილეებს სერთიფიკატებთან ერთად, ღონისძიების პარტნიორის, „პალიტრა L” -ისგან საჩუქრად წიგნები გადაეცათ. შეხვედრა საზეიმო ტორტის გაჭრით დასრულდა.