პირადსარეკორდო 29 ქულით შენგელიამ ვირტუსს ვენეციაში მოაგებინა და ფინალში გაიყვანა

პირადსარეკორდო 29 ქულით შენგელიამ ვირტუსს ვენეციაში მოაგებინა და ფინალში გაიყვანა

თორნიკე შენგელიას პირადი დამსახურებითა და ლიდერობით, ვირტუსმა სტუმრად ვენეცია დაამარცხა და იტალიის სერია A-ს ფინალში გავიდა. ბოლონიურმა კლუბმა ვენეციელები სერიაში 3:1 დაამარცხა და ჩემპიონობისთვის ფინალში ოლიმპია მილანოს შეხვდება.

სერიის გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ფორვარდი შეუჩერებელი იყო. შენგელიამ 29 ქულა ჩააგდო, რითაც იტალიის ჩემპიონატში პირადი რეკორდი დაამყარა. საწყისი პერიოდის წაგების შემდეგ ბოლონიელებმა საოცარი მეორე პერიოდი ჩაატარეს, რომელიც 34:18 მოიგეს და მეტოქე წელში გატეხეს. ვენეციელებმა მესამე პერიოდში ისევ გაიბრძოლეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირეს, თუმცა შენგელიას შედეგიანი თამაშის წყალობით ვირტუსმა შანსი არ დაუტოვა მასპინძლებს და შეხვედრა 96:81 მოიგო.

შენგელია ტრადიციულად სასტარტოში იყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 29 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 8 ორქულიანი, 5-დან ერთი სამქულიანი და 14-დან 10 საჯარიმო ჩააგდო. რა თქმა უნდა, ქართველი ფორვარდი შეხვედრის MVP გახდა.