პირველი წრის ბოლო მატჩში ოლიმპმა ლიდერ კაკტუსს დამაჯერებლად მოუგო

პირველი წრის ბოლო მატჩში ოლიმპმა ლიდერ კაკტუსს დამაჯერებლად მოუგო

სუპერლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრე ოლიმპისა და კაკტუსის მატჩით დასრულდა. ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა უშანსოდ წააგო გუნდთან, რომელმაც სუპერლიგა 2 წაგებით დაიწყო, შემდეგ ზედიზედ 6 მატჩი მოიგო და წინა ტურში ასევე ლიდერ კავკასიასთან დამარცხდა. ლაპარაკია დავით როგავასა და კახა ტომარაძის გაწვრთნილ ოლიმპზე, რომელიც წინა სეზონის ფინალისტია და გულში ამ შედეგის ჩემპიონობამდე გაუმჯობესება ამოუჭრია. 

ასეთი თამაშით ოლიმპს ოლიმპზე ასვლის კარგი შანსი აქვს. დავით როგავას გუნდმა ლამის პირველ მეოთხედშივე გაიფორმა გამარჯვება გუნდთან, რომელსაც მიმდინარე სუპერლიგაში მხოლოდ 1 დამარცხება ჰქონდა. საწყის 10 წუთში ოლიმპმა კაკტუსს 29:6 (!) მოუგო, 23-ქულიან ლიდერობას მეორე ათწუთეულში 5-იც მიამატა და დიდ შესვენებაზე ვალმოხდილი გავიდა. 

რა უნდა მომხდარიყო, რომ ოლიმპს 31-ქულიანი ლიდერობა გაენიავებინა?! არაფერი მომხდარა იმის გარდა, რომ როგავას გუნდმა თამაში დამაჯერებელ გამარჯვებამდე მიიყვანა – 96:68 (სტატისტიკა). ოლიმპს 31 ქულით დრუ კუქსჰაუსენმა ულიდერა. 28 ქულა ლინტონ ესლაისის ანგარიშზეა. ქართველი კალათბურთელებიდან 14 ქულითა და 6-6 მოხსნა-დაფარებით გიორგი ტურძილაძე გამოირჩა. გივი ბაქრაძის ანგარიშზე 13 ქულა და 8 პასი დაგროვდა. კაკტუსში სამმა კალათბურთელმა – მერაბ ბოქოლიშვილმა, მაილს დანიელსმა და ბექა ლომაშვილმა 10-10  ქულა მიითვალეს.

ასე და ამგვარად, სუპერლიგის პირველი წრე დასრულდა. გუნდები ერთმანეთს თითოჯერ შეხვდნენ, ანუ ჯამში თითოეულმა 10 მატჩი ჩაატარა. 8 მოგებითა და 2 მარცხით I-II ადგილებზე კაკტუსი და კავკასია არიან განლაგებულნი. ბოლო ადგილი კი სარკისებური შედეგით ( 2 მოგება, 8 მარცხი) ვერას უკავია.

სუპერლიგის მეორე წრე სანამ დაიწყება, იანვრის დასაწყისიდან ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი, ასევე საქართველოს თასის გათამაშების საწყისი რაუნდი გაიმართება.