სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი ხვალ, 3 მატჩით დასრულდება, დღეს კი ბოლო ტურის 2 შეხვედრა ზესტაფონსა და რუსთავში გაიმართა. უკვე გარკვეულია პლეი ოფის ყველა მონაწილე, თუმცა ცხრილში ადგილები როგორ გადანაწილდება, ბოლომდე გარკვეული არაა. სანამ უკვე გარკვეულ საკითხებზე გადავალთ, გეტყვით, რომ პლეი ოფში ითამაშებენ: ქუთაისი, თსუ, გურჯაანი, გაუ, ორბი, ივერიონი, რაში და კავკასია. მე-9 და მე-10 ადგილებს ბათუმი და მარგვეთი დაიკავებენ, თუმცა რომელი რომელზე გავა, ჯერ უცნობია და აი, რატომ:
მარგვეთმა გორის ივერიონს დღეს ზესტაფონში უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებით სუპერლიგაში დარჩენას ინაღდებდა, 12 ქულით დამარცხდა – 86:98 (სტატისტიკა). გორელებმა ისე კარგად ითამაშეს, რომ ლიდერობა თავიდანვე რომ მოიპოვეს, თამაშის ბოლომდე არ დაუთმიათ.
მარგვეთმა ამ წაგებით თავი იმის საფრთხეში ჩაიგდო, რომ საკვალიფიკაციოში ითამაშოს. მოგეხსენებათ, ბოლო ადგილზე რუსთავია, რომელმაც დღეს ბოლო მატჩი ჩაატარა და სუპერლიგა დატოვა. მომავალ სეზონში რუსთავის გუნდი “ა” ლიგაში იასპარეზებს და ეცდება, უკვე მომდევნო სეზონში დაუბრუნდეს სუპერლიგას. რუსთაველებმა დღეს ტყიბულის ორბს დამაჯერებლად – 97:77 (სტატისტიკა) მოუგეს და სუპერლიგას გამარჯვებით დაემშვიდობნენ.
სუპერლიგაში ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე გასული გუნდი “ა” ლიგის ფინალისტ “სოხუმი-საქართველოსთან” საკვალიფიკაციო რაუნდს ითამაშებს 3 მოგებამდე. რომელი გუნდი იქნება ეს, თსუ-სა და ბათუმის მატჩი გადაწყვეტს. თუ ბათუმმა მოიგო, მე-9 ადგილს დაიკავებს და სუპერლიგის სეზონს დაასრულებს, ხოლო ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე მარგვეთი გავა და საკვალიფიკაციოში მოუწევს სოხუმი-საქართველოსთან მომავალი სეზონის სუპერლიგის საგზურისთვის ბრძოლა. ხოლო თუ ბათუმი თსუ-სთან დამარცხდა, საკვალიფიკაციოში ითამაშებს, ხოლო მარგვეთის სეზონს მე-9 ადგილზე დაასრულებს.
რუსთავში დღეს გამართული მატჩის შედეგმა სატურნირო თვალსაზრისით ერთადერთი რამ გაარკვია: დამარცხებული ორბი რეგულარულს მე-5 ადგილზე დაასრულებს იმის მიუხედავად, ბოლო ტურში მოიგებს თუ წააგებს მისი კონკურენტი გაუ, რომელიც კავკასიას ეთამაშება. შესაბამისად, გადაწყვეტილია, რომ ცხრილში მე-4 ადგილს გაუ დაიკავებს და მეოთხედფინალურ სერიაში ორბთან მოედნის უპირატესობა ექნება.
აქვე გადავიმეოროთ მოწინავე სამეულის ადგილების გადანაწილება. გურჯაანი, რომელიც ამ მომენტისთვის პირველ ადგილზეა და თამაშები დასრულებული აქვს, რეგულარულს მესამე ადგილზე დაასრულებს. 1-2 ადგილებს ქუთაისი და თსუ გაინაწილებენ. ქუთაისმა ბოლო ტურში თუ რაშს მოუგო, პირველი იქნება, ხოლო თუ წააგო, თსუ-ს ბათუმის ძლევით შეუძლია იმერული კლუბის გადასწრება.
ის, თუ როგორ გადანაწილდება ცხრილის მე-6, მე-7 და მე-8 ადგილები ივერიონს, კავკასიასა და რაშს შორის, ამას ხვალინდელი (14 აპრილის) შედეგები გაარკვევს:
13:00 გაუ – კავკასია
15:30 თსუ – ბათუმი
18:00 რაში – ქუთაისი