პულენი გავარდა. ჯერი შერმადინზეა

პულენი გავარდა. ჯერი შერმადინზეა

ჯეიკობ პულენი ფინალის მიღმა დარჩა. ისრაელის თასის გათამაშების პირველ ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული წევრის გუნდი დამარცხდა. იერუსალიმის „ჰაპოელი“, რომლის ღირსებასაც პულენი იცავს, აშდოდის „მაკაბისთან“ შეხვედრა 59:69 დათმო.
 
პულენი, რომელიც 29 ქულით მეოთხედფინალური მატჩის ბომბარდირი გახდა, ამჯერად 8 ქულას დასჯერდა. აშდოდელების წინააღმდეგ თამაში არათუ პულენს, მთელს იერუსალიმის გუნდს არ გამოუვიდა. „ჰაპოელი“ მთელი თამაშის მანძილზე დიდი სხვაობით აგებდა და ჩამორჩენა ბოლო მეოთხედში შეამცირა.
 
პულენი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ნაკრების წევრმა 8 ქულასთან ერთად 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. პულენმა 9 ორქულიანიდან 2 ჩააგდო, ექვსივე სამიანი ააცილა, ხოლო 4 საჯარიმოდან ყველა ზუსტად გამოიყენა.
 
მაშ ასე, ფინალში აშდოდის „მაკაბი“ გავიდა, სადაც კიდევ 2 „მაკაბიდან“ ერთ-ერთს შეხვდება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ჰაიფისა და თელ ავივის „მაკაბები“ ეთამაშებიან. შეხვედრა გვიან ღამოთ დასრულდება.