პულენის 14-მა ქულამ ჰაპოელს გალილეაში ვერ უშველა

პულენის 14-მა ქულამ ჰაპოელს გალილეაში ვერ უშველა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელმა უკანახაზელმა ჯეიკობ პულენმა ჩინებულად ითამაშა ისრაელის ჩემპიონატში, მაგრამ საკუთარი გუნდი დამარცხებისგან მაინც ვერ იხსნა. პულენის „ჰაპოელი“ სტუმრად გალილეის „გილბოას“ დაუპირისპირდა და 9-ქულიანი მარცხი განიცადა – 78:87.
 
პულენი იერუსალიმელთა სასტარტო ხუთეულში იყო და კარგადაც თამაშობდა, მაგრამ მწვრთნელმა ის მხოლოდ 18 წუთს დატოვა მოედანზე. არადა, საქართველოს ნაკრების უკანახაზელი საკმაოდ პროდუქტიული იყო. პულენმა 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, რასაც 4-ში 1 ორიანი მოაყოლა და მისმა მონაგარმა 14 ქულა შეადგინა. გარდა ამისა, ჯეიკობს 2 პასიც ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
 
5-5 მოგებ-წაგებით იერუსალიმის „ჰაპოელი“ ცხრილში მე-6 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 30 დეკემბერს, პულენის გუნდი ელიათის „ჰაპოელს“ უმასპინძლებს.