ქალთა ლიგის თასის პირველი ფინალისტი ცნობილია

ქალთა ლიგის თასის პირველი ფინალისტი ცნობილია

ქალთა ლიგის თასის გათამაშების ფინალში რუსთავის „ვეჯინი“ გავიდა. ქვემოქართლელები, რომლებმაც გასული თვის ბოლოს საქართველოს ჩემპიონობა მოიგეს, სეზონის მეორე ტიტულისთვის იბრძოლებენ.

ბიძინა ჯაგაშვილის გაწვრთნილმა რუსთაველებმა ნახევარფინალში „ახმეტას“ მოუგეს. მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. ვეჯინელი გოგონები პირველ პერიოდში სწრაფი შეტევებით ხეირობდნენ და საწყისი მეოთხედი 26:10 მოიგეს.
მეორე პერიოდში ახმეტელებმა ძალთა მობილიზება მოახერხეს და იმდენი შეძლეს, რომ ათწუთეული არ წააგეს – 11:11. დიდი შესვენების შემდეგ კვლავ ვეჯინელთა ჯერი დადგა: ანა მაისურაძისა და ხათუნა საჯაიას წინამძღოლობით მასპინძლებმა მესამე ათწუთეული 23:14 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 25 ქულით იგებდნენ.
მატჩის ბედი გარკვეული იყო და ბოლო მეოთხედში მოედანზე რუსთაველთა სათადარიგოები გამოჩდნენ. სტუმრებმა ამით ისარგებლეს და ათწუთეული 24:14 მოიგეს, რითაც განადგურება თავიდან აიცილეს. საბოლოოდ რუსთაველებმა 74:59 მოიგეს და ფინალში გავიდნენ. ახმეტელთაგან 17 ქულით ნინო მამუკელაშვილი გამოირჩა, ელისო ზარავანდაშვილის ანგარიშზე კი 16 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დაგროვდა.
„ვეჯინში“ 19 ქულით ბომბარდირი ანა მაისურაძე გახდა, ხოლო ხათუნა საჯაიამ ორმაგი დუბლი შეასრულა – 15 ქულა, 14 მოხსნა. გამარჯვებაში დიდი წილი დაიდო მარი ბაციკაძემ, რომელმაც შეხვედრა 8 ქულით და 19 მოხსნით დაასრულა.
მეორე ნახევარფინალი ხვალ ქუთაისში გაიმართება, სადაც ადგილობრივი გუნდი „ზესტაფონს“ უმასპინძლებს.
ფინალური შეხვედრა 19 ივნისს, თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. 

ვეჯინი – ახმეტა  74:59