ქართულ ლეგიონს გამყრელიძემ ულიდერა

ლაშა გამყრელიძემ ჩინებულად ითამაშა გერმანიის ჩემპიონატის მეორე ტურში და სულ ცოტა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. მისი “მიტელდოიჩერი” „ულმს“ მასპინძლობდა და 96:84 დაამარცხა, რითაც ბუნდესლიგის ლიდერთა შორისა.
შეგახსენებთ, რომ “ტაიგერსთან” პირველი ტურის შეხვედრაში ლაშამ თამაშიდან რვავე (!) სროლა გააცუდა და ერთადერთ ქულას დასჯერდა, ულმის “რატიოფარმთან” მატჩი კი  საუკეთესო იყო.
გამყრელიძემ კვლავ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ამჯერად, შვიდივე (!) ტყორცნა გამოიყენა. 23 წლის ქართველმა 4-ვე ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, 11 ქულას კი 8 შედეგიანი გადაცემა წაამატა და ორმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. მისი საერთო სტატისტიკური მაჩვენებელი (evalution) ყველაზე მაღალი იყო თავისი გუნდის შემადგენლობაში – 18. იგი მხოლოდ 19–ის მომგროვებელ ულმელ როდერიკ ტრაისს ჩამორჩა.
 

ლაშა გამყრელიძე
 
 “მიტელდოიჩერი” მორიგ მატჩს 16 ოქტომბერს ბონში “ტელეკომის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში გამარჯვება იზეიმა ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსმა”. ბოლონიელებმა შინაურ კედლებში „მონტეგრანაროს” უმასპინძლეს და 98:75 იმარჯვეს.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 18 წუთი დაჰყო და 2 ქულასა და 1 მოხსნას დასჯერდა. ვიქტორს “ვირტუსის” სასტარტო ხუთეულში არ უთამაშია. მან მეტოქის ფარისკენ 2 ორქულიანი სტყორცნა და 1 გამოიყენა.
ბოლონიელთა რიგებში 10-ქულიან ზღვარს 4 მოთამაშე გადასცილდა, საუკეთესო კი ამერიკელი ლეროი ჰარდი გახლდათ, რომელიც 15 ქულასა და 7 მოხსნას გამორჩა.
18 ოქტომბერს სანიკიძის კლუბი “ანჯელიკო ბიელას” ესტუმრება.
მოედანზე მხოლოდ 2 წუთი ვიხილეთ ნიკა მეტრეველი, რომლის “მონტეპასკიმაც” ნაპოლის “მარტოსი” 87:48 გაანადგურა.
იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა უმაღლესი ლიგის დებიუტანტს საწყისი მეოთხედში 26:7 მოუგო და შემდეგშიც, სტუმართათვის გასაქანი არ მიუცია.
ქართველ კალათბურთელს მისთვის ბოძებულ მცირე დროში ნეაპოლელთა კალათისთვის არ შეუტევია. სიენელთა რიგებში ამერიკელი მოთამაშეები გამოირჩნენ. დევიდ ჰოუკინსმა 17 ქულა მიითვალა, ხოლო ჰენრი დომერკანტმა – 16.
მე-2 ტურში “მონტეპასკი” პეზაროში “სკავოლინი სპარს” გაეჯიბრება.
მანუჩარ მარკოიშვილის “მედიკალ კანტუ” პირველი ტურის შეხვედრას, დღეს, ტრევიზოს “ბენეტონის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
საბერძნეთის თასის გათამაშებაში გიორგი ცინცაძის “ტრიკალა” “იკარიას სერესს” ესტუმრა და სამხედრო-საჰაერო აკადემიის გუნდს 86:59 სძლია.
რანგით აშკარად დაბლა მდგარ მეტოქესთან ჭიდილში ტრიკალელებს არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. სტუმრები დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით (32:46) გავიდნენ და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.
“ტრიკალას” მთავარმა მწვრთნელმა ვანგელის ანგელუმ განაცხადში მყოფი 12-ვე კალათბურთელი ათამაშა, რომელთაგან უქულოდ არცერთი დარჩენილა.
ცინცაძემ გუნდს 7 ქულა შესძინა, საუკეთესო კი ამერიკელი აბრამსი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო.
14 ოქტომბერს, თასის მომდევნო რაუნდში, “ტრიკალა” “პაოკს” ეთამაშება.
საბერძნეთის ჩემპიონატი სტარტს 24 ოქტომბერს აიღებს. პირველ ტურში ცინცაძის კლუბი აეკ-ს ესტუმრება, გიორგი შერმადინის “პანათინაიკოსი” ლარისაში “ოლიმპიას” გაეჯიბრება.
დაბოლოს ფაჩულიაზეც ვთქვათ, ვისმა „ატლანტამაც“ მორიგი საგამოფენო მატჩი გამართა ნბა–ში და ამჯერად მარცხი იწვნია – დეტროიტში 91:100.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 19 წუთი გაატარა და 9 ქულასთან ერთად 6 მოხსნა მიითვალა. ფაჩულიამ ჩააგდო 6–დან 3 ორქულიანი და 4–დან 3 საჯარიმო. აღსანიშნავია, რომ მან სამჯერ დაკარგა ბურთი.
ზაზას კონკურენტმა ალ ფორფორდმა კვლავ უსახური თამაში აჩვენა. მან მოედანზე 22 წუთი დაჰყო და თამაშიდან განხორციელებული 7 სროლიდან მხოლოდ 1 მოათავსა დეტროიტელთა კალათში. საბოლოოდ ატლანტელთა ძირითადი ცენტრის ანგარიშზე 2 ქულა, 7 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დაგროვდა, ხოლო ბურთი ალმა ზაზასავით 2–ჯერ დაკარგა.
მომდევნო საგამოფენო მატჩს „ატლანტა“ ხვალ გამართავს „შარლოტთან“.
 

ზაზა ფაჩულია (მარჯვნივ) დეტროიტელ რიპ ჰამილტონს აედევნა