ქართული ამბები ნბა-დან: შენგელია დაბრუნდა, ფაჩულია ორმაგს მიუახლოვდა

ქართული ამბები ნბა-დან: შენგელია დაბრუნდა, ფაჩულია ორმაგს მიუახლოვდა

სასიამოვნო ამბები ოკეანგაღმიდან: თორნიკე შენგელია განაცხადში დაბრუნდა, ზაზა ფაჩულიას ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა და თან ორივე „ქართულმა“ გუნდმა გასვლაზე მოიგო.
 
თორნიკე შენგელიამ ნბა-ს განვითარების ლიგიდან დაბრუნების შემდეგ ტრავმის გამო განაცხადს მიღმა 5 მატჩი გაატარა და დღეს, გამთენიისას, ინდიანაში გამართული შეხვედრის ოქმში ვიხილეთ, თუმცა მატჩის დაძაბულობიდან გამომდინარე ახალგაზრდა ქართველი მოედანზე არ გამოჩენილა. ამ ეტაპზე უფრო ისაა მნიშვნელოვანი, რომ ტრავმის შემდეგ შენგელია მწყობრში ჩადგა და სათამაშოდ მზადაა.
 

ფაჩულია და დირკ ნოვიცკი: ზაზა ყოველთვის ბოლომდე იბრძვის
 
ბრუკლინელებმა კი აღმოსავლეთ კონფერენციისა და სრულიად ნბა-ს აღმოჩენა „ინდიანა“ სტუმრად, დამატებით დროში – 89:84 დაამარცხეს. მთელი 34 წუთი ათამაშეს შენგელიას კბილა და ქართველთან ერთად განვითარების ლიგაში მყოფი ტაიშონ ტეილორი, რომელმაც 12 ქულით გვარიანი სამსახური გაუწია ბრუკლინელებს, ხოლო კიდევ ერთი დებიუტანტი, თუმც უფრო მეტად გამოცდილი მირზა ტელეტოვიჩი მოედანზე 5 წუთით და სრულიად უსარგებლოდ გამოჩნდა.
 
არანაკლებ ძლიერი მეტოქე მისსავე ბუნაგში დაამარცხა „ატლანტამაც“. ზაზა ფაჩულიას გუნდმა 2 წლის წინანდელი ჩემპიონი დალასში 105:101 განგმირა. მიუხედავად დროის სიმცირისა, ქართველმა ცენტრმა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო. 16 წუთში ფაჩულიამ 8 ქულა და 10 მოხსნა ჩააგდო. ერთი ორქულიანით მეტი რომ ჩაეგდო, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ორმაგ დუბლს შეასრულებდა. არადა, ზაზამ 7 ორიანი ესროლა და მხოლოდ 3 ჩააგდო, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 4 ცდიდან 2 მიითვალა. ქულა-მოხსნებთან ერთად ფაჩულიას ანგარიშზე 1 შედეგიანი გადაცემაც დაგროვდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
 
ატლანტელებს 28 მოგება და 22 მარცხი აქვთ, რაც აღმოსავლეთში მე-6 ადგილის ტოლფასია. ბრუკლინელები კი 30 მოგება-22 წაგებით მე-5-ზე არიან. თამაშების მომდევნო დღე ორივე გუნდისთვის 13 თებერვალსაა: „ატლანტა“ ორლანდოში ითამაშებს, „ბრუკლინი“ კი „დენვერს“ მიიღებს.