ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტამდე- ნაწილი X
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია აგრძელებს „ქართული კალათბურთის ისტორიის შესახებ“ პროექტს (იხ. ვრცლად – გზა ევრობასკეტ2021-ისკენ), რომლის ფარგლებში წარმოგიდგენთ ყველა იმ მოთამაშესა და მწვრთნელს, რომლებმაც იასპარეზეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მატჩებში და თავიანთი წვლილი შეიტანეს ქართული კალათბურთის განვითარების საქმეში.
ნაწილი X – როგორ მოვიქცეთ, როცა კარი ჩაგვეკეტება, გასაღები კი შინ დაგვრჩება?
საქართველოს ნაკრებში 20-წლიანი კარიერა ჰქონდა ნიკოლოზ ცქიტიშვილს, რომელმაც ბოლო შეხვედრა 2018 წლის თებერვალში გერმანიის წინააღმდეგ გამართა. მან უცხოური კარიერა სლოვენიაში დაიწყო, სადაც ირაკლი კეიდიასა და დავით უგრეხელიძესთან ერთად 1999 წელს ჩავიდა. ამჯერად სწორედ ამ სამ კალათბურთელზე გიამბობთ, გიორგი მარკოიშვილთან და დავით მუშკუდიანთან ერთად.
ნიკოლოზ ცქიტიშვილი
– ეროვნულ ნაკრებში პირველად ლევან მოსეშვილმა მიმიწვია. ახლაც მახსოვს როგორ მიხაროდა. მწვრთნელები, ლევან მოსეშვილი და ზურაბ ტომარაძე ახალგაზრდებს, ბოისას, მე, ფაჩულიას ბოლომდე გვენდობოდნენ, პირველივე შესარჩევ ციკლში სასტარტო შემადგენლობაში გვათამაშებდნენ, – გვითხრა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, რომელიც სლოვენიიდან მალევე გადავიდა იტალიაში.
2002 წელს იგი NBA-ს დრაფტზე “დენვერ ნაგეტსმა” აირჩია და 2004 წელს საქართველოში NBA-ელის სტატუსით ჩამოვიდა. სწორედ 2004-ში დავიწყეთ სვლა ელიტისკენ: ფიბა-ევროპამ ნაკრებები ორ დივიზიონად გაყო. საქართველო B ეშელონში მოხვდა და 2009-მდე A დივიზიონში მოხვედრა ვერ მოახერხა.
2009 წელს ჯგუფში შვედეთს, ირლანდიას, ლუქსემბურგსა და სლოვაკეთს ვაჯობეთ, პლეი ოფში ბელარუსს მოვუგეთ და ელიტაში შევაღწიეთ. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ოთხჯერ ითამაშა ევროპის ჩემპიონატებზე. ნიკა ცქიტიშვილი ნაკრებს ორ ევრობასკეტზე დაეხმარა – 2011 და 2013 წლებში…
“სკიტას” ისტორიული მატჩი ჰქონდა ევრობასკეტ2011-ზე მაკედონიის წინააღმდეგ – 20 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, განსაკუთრებით შედეგიანი ბოლო წუთებზე იყო და უკანასკნელ წამზე ბო მაკალებს ორქულიანი რომ არ ჩაეგდო, პლეი ოფში გასვლისკენ დიდ ნაბიჯსაც გადავდგამდით და ცქიტიშვილის გარჯაც სულ სხვაგვარად დაფასდებოდა.
2013 წლის ევრობასკეტის შემდეგ ნიკამ აზიაში წარმატებული კარიერა აიწყო, თუმცა ნაკრებში ოთხწლიანი პაუზა ჰქონდა. ცქიტიშვილი ეროვნულში 2017 წელს ილიას ზუროსმა მიიწვია. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოთხი მატჩი გამართა და კვლავ სასტარტო ხუთეულის კალათბურთელად იქცა.
– ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაშს გადაჩვეული ვიყავი, – აღნიშნავს ნიკა, – კლუბებში ვიკლავდი თამაშის წყურვილს, ეროვნული გუნდიდან თითქოს გამრიყეს. არაერთ კლუბში ვითამაშე, ძალიან მაფასებდნენ, გულშემატკივრებშიც მოვიპოვე პატივისცემა. ეს ნამდვილად სასიამოვნოა, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც შინ, შენიანებში ხარ, ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაშობ და მათგან გრძნობ სიყვარულს. დამიჯერეთ, სასწაული შეგრძნებაა.
დავით უგრეხელიძე
– მე, ნიკა ცქიტიშვილი და ირაკლი კეიდია სლოვენიაში ერთად გავემგზავრეთ, – იხსენებს დავით უგრეხელიძე, – ლიუბლიანის “სლოვანში” ჩავირიცხეთ და პირველივე დღეს ხათაბალაში გავეხვიეთ: აეროპორტიდან ბინაში მიგვიყვანეს. ჩანთები დავალაგეთ, ცოტა დავისვენეთ და ვარჯიშზე წავედით. შინ დაბრუნებულებმა აღმოვაჩინეთ, რომ კარები ისე გამოგვიკეტავს, გასაღები შინ დაგვრჩენია. კლუბის ხელმძღვანელობისთვის ამის თქმა მოგვერიდა. ერთადერთი გამოსავალი დაგვრჩა – ფანჯრიდან გადაძრომა. კიდევ კარგი, კეიდიამ ბაღისკენ მდებარე ფანჯარა ღია დატოვა, განიავდესო. ბინა მეორე სართულზე იყო. შემოვუარეთ უკანა მხრიდან, მეზობლის ბაღის გავლით ჩვენს ბინას მივადექით, თან აქეთ-იქით ვიყურებოდით – ღობეებზე მხტომარე 2-მეტრიანი ხალხი არავინ დაგვინახოსო. ჩვენი სიმაღლის გათვალისწინებით კეიდიას აწევა და ფანჯარაში გადაძრომა უკვე იოლი საქმე იყო…
დავით უგრეხელიძე ნაკრებში 2001-დან 2007-მდე თამაშობდა. ეს დიდი გამარჯვებისა და დიდი იმედგაცრუების წლებია:
– 2001-ში თბილისში ძალიან ლამაზად დავამარცხეთ ბულგარეთი და ბელარუსი. ამას ბევრი არ ელოდა. გულშემატკივრები ძალიან გავახარეთ. 2007 წელს კი, პირიქით მოხდა – ისლანდიაში წაგება ერთ-ერთ ყველაზე მწარე მოგონებად დამრჩა. არადა, თამაში მოგებული იყო. ასეთი მატჩი, შეიძლება 100 წელიწადში ერთხელ წააგო…
გიორგი მარკოიშვილი
გიორგი მარკოიშვილი საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელიც არაერთხელ გახდა, ჩემპიონობაც მოიპოვა, ნაკრებშიც ხშირად უძახდნენ, ამხანაგურებშიც აგროვებდა 10 და მეტ ქულას, მაგრამ ეროვნულში მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული.
გიორგიმ ლუქსემბურგის” წინააღმდეგ 9 წუთი ითამაშა და 8 ქულა ჩააგდო. მას თავისი ძმის, მანუჩარის დარად სროლის სიზუსტე რომ არ დაეწუნებოდა, 2009 წელს დამყარებული რეკორდიც მოწმობს: “ბათუმთან” მატჩში გიორგიმ 75 ქულა ჩააგდო, რაც დღემდე საქართველოს ჩემპიონატების აბსოლუტური რეკორდია.
მარკოიშვილების საკალათბურთო დინასტიის თავკაცი, დამსახურებული მწვრთნელი ნუგზარ მარკოიშვილი ასე ახასიათებს შვილს:
– გიორგი კალათბურთის მომადლებული ნიჭის მქონე ახალგაზრდა გახლდათ. უმცროსი ძმის, ეროვნული ნაკრების წევრის, მანუჩარის შრომისმოყვარეობა და შეუპოვარი ხასიათი რომ ჰქონოდა, შეიძლებოდა, ძმაზე დიდი კალათბურთი ეთამაშა…
დავით მუშკუდიანი
2001 წელს ბულგარეთი და ბელარუსი თბილისში ლამაზად რომ დავამარცხეთ, მოგეხსენებათ. განმეორებითი მატჩების წინ დიდი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდით. მწვრთნელი, ზურაბ ტომარაძე იხსენებს, რომ “იამბოლში” თამაშს დაჰპირდა ვლადიმერ სტეფანია, ამიტომ ბულგარეთში არ წაუყვანია ცენტრი დავით ბერძენიშვილი; აეროპორტში შეიტყო, რომ დაშავდა დავით უგრეხელიძე; ხოლო იამბოლში გაიგეს – სტეფანიაც ტრავმის გამო ვერ ახერხებდა ჩასვლას…
ნაკრებში დებიუტი ჰქონდა კიდევ ერთ წინახაზელ დავით მუშკუდიანს, რომელსაც წინა სეზონი სწორედ ბულგარეთში ჰქონდა გატარებული:
– ეროვნული ნაკრები იამბოლში, ბულგარეთს სტუმრობდა. მაშინ “აკადემიკიდან” მოსკოვის “დინამოში” ახალი გადასული ვიყავი. ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეტკო მარინოვი “აკადემიკის” დამრიგებლობასაც ითავსებდა, თბილად შემხვდა. მთელი მატჩის განმავლობაში ადგილობრივი ქომაგი ჩემს მიმართ კეთილგანწყობილი გახლდათ. ძალიან მოვინდომეთ, მაგრამ იმ დღეს ბულგარეთს ვერ ვაჯობეთ.
დავით მუშკუდიანი ამჟამად თბილისში, ნიუტონის თავისუფალ სკოლაში მოღვაწეობს – ბავშვთა საკალათბურთო აკადემიის მთავარი მწვრთნელია.
ირაკლი კეიდია
2005 წელს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გორდონ ჰერბერტი გახლდათ, მისი თანაშემწე ნუგზარ კანდელაკი საინტერესო ამბავს მოგვითხრობს:
– ფინეთთან მატჩის წინ, ვარჯიშზე ჰერბერტმა მოედნის ცენტრში ასევროიანი დადო და თქვა – ამ ფულს ის აიღებს, ვინც ბურთს მოედნის ცენტრიდან ჩააგდებსო. სროლის უფლება ყველას გვქონდა. მიზანში მე და ირაკლი კეიდიამ მოვარტყით და ფინალში გავედით. ფინალში გაიმარჯვებდა ის, ვინც სამქულიანს მარცხენა ხელით ჩააგდებდა… კედომ მაჯობა.
ისევე როგორც გიორგი მარკოიშვილს, კეიდიასაც ერთი ოფიციალური სანაკრებო მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ამხანაგურად დირკ ნოვიცკისაც დაუპირისპირდა:
– არ დამავიწყდება ტონი პარკერისა და დირკ ნოვიცკის წინააღმდეგ თამაში. პარკერს, ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, ევროპირველობის შესარჩევში შევხვდი. მომდევნო წელს პარკერი უკვე “სან-ანტონიოში” თამაშობდა. პარკერმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, იგი ყველაზე დიდი მოთამაშეა, ვის წინააღმდეგაც კარიერის მანძილზე მითამაშია. ნოვიცკის წინააღმდეგ თამაში კი, უკვე ეროვნულ ნაკრებში, გერმანიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე მომიწია.