ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტისკენ – ნაწილი XIII

ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტისკენ – ნაწილი XIII

კალათბურთის ფედერაციის პროექტი “ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტი 2021-ისკენ” წარმოგიდგენთ საქართველოს ნაკრების უკანახაზელებს. ზოგს მატჩების რეკორდული რაოდენობა აქვს ჩატარებული, ზოგს სულაც ორ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა თითოეული მათგანი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ნაკრების წინსვლაში თავისი წვლილი შეიტანა. უკანახაზელთა შესახებ თხრობას ვიწყებთ აქ წარმოდგენილი 5 კალათბურთელით:

გიორგი ცინცაძე

2004 წლიდან ეროვნულ გუნდში გამოჩნდა ჭაბუკი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე, რომელიც დღეს ნაკრების რეკორდსმენია – ყველაზე მეტი, 350 შედეგიანი გადაცემა აქვს შესრულებული (ოფიციალურ სანაკრებო მატჩებში).

გიორგის კიდევ ერთი ფასეული რეკორდი ეკუთვნის – ეროვნულ გუნდში 83 მატჩი ჩაატარა. ეს სანაკრებო ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

17 წლისა იყო, 2004 წელს მაკედონიაში ურთულეს შეხვედრაში შეუცვლელად რომ ითამაშა. მას მერე ეროვნულ გუნდს ჯერ  B დივიზიონიდან თავის დაღწევაში დაეხმარა, შემდეგ ოთხჯერ გაიყვანა ევრობასკეტზე.

2011 წელს, საქართველოს ნაკრებისთვის პირველ ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ცინცაძისა და ზაზა ფაჩულიას ტრავმებმა შეგვიშალა ხელი მეოთხედფინალში გასვლაში. გიორგიმ მუხლი მეორე ეტაპზე მაკედონიასთან მატჩში იტკინა. თუმცა ლიეტუვაში გამართულ ევრობასკეტს საქართველოს ნაკრებისთვის წარუმატებელს მაინც ვერ დავარქმევთ:

– საუკეთესო 12 გუნდს შორის მოვხვდით. ეს დებიუტანტისთვის დიდი მიღწევა იყო. ვერ ვიტყვი, რომ მეორე ჯგუფურ ეტაპზე შემთხვევით გავედით და ეს სხვისი დამსახურება იყო. პირველ რიგში ეს ჩვენი დამსახურებაა. საქართველოს ნაკრებმა პირველივე ევრობასკეტზე დაამტკიცა, რომ მაღალი დონის ევროპული გუნდია…

…და მომდევნო სამ ევროპის ჩემპიონატზეც სწორედ მაღალი დონის კალათბურთი ითამაშა. სხვათა შორის, 2017 წელს რომ არა ცინცაძის ტრავმა (კოჭი გადაუბრუნდა), ვინ იცის, იქნებ მერვედფინალშიც გავსულიყავით,

ლოგიკური შეკითხვა: ითამაშებს გიორგი ცინცაძე 2021 წლის ევრობასკეტზე?

– იმედი მაქვს, ჯანმრთელად ვიქნები, ტრავმები არ შემიშლის ხელს. როდესაც გავიგე, ევროპის ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება, იმ დღიდან შევუდექი მომზადებას. ევრობასკეტის დროს 36-ე წელში ვიქნები, თუმცა ის ასაკიც არ არის, უმაღლეს დონეზე თამაში რომ ვერ შევძლო. მთავარი ამოცანა იქნება გუნდში მოხვედრა და თუ მოვხვდი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სათანადოდ დავეხმარო ნაკრებს.

ალეკო დავითულიანი

2000 წელს საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი კვიპროსში გამართა. სწორედ ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე შედგა უკანახაზელი ალეკო დავითულიანის დებიუტი.

პირველი მატჩი მან ლუქსემბურგთან ითამაშა. სხვათა შორის, ეს შეხვედრა ზაზა ფაჩულიასთვისაც სადებიუტო ოყო.

კვიპროსული ტურნირის შემდეგ დავითულიანს ნაკრების შეკრებებზეც იძახებდნენ, თუმცა ოფიციალური მატჩი აღარ უთამაშია.

შიო ხეცურიანი

2003 წელს საქართველოში ხორვატი მწვრთნელი დრაჟენ ბრაიკოვიჩი ჩამოვიდა. იგი “დინამოს” თავკაცადაც დაინიშნა და სხვა წამყვან კალათბურთელებთან ერთად გუნდში უხმო შიო ხეცურიანს, რომელიც 2004-2005 წლების ფორმაციის ნაკრებშიც თამაშობდა.

ეროვნულში პირველი არაოფიციალური მატჩი შიომ იტალიის ქალაქ სან ჯორჯოში გამართა – შვედეთის ძლევაში (91:81) 10-ქულიანი წვლილი შეიტანა. ოფიციალური შეხვედრებიდან კი მისთვის სადებიუტო ფინეთთან თბილისური დაპირისპირება იყო 2004 წელს.

პირველ ტაიმში იუკა მატინენმა ხან ერთი კუთხიდან ჩააგდო სამქულიანი, ხან – მეორიდან და ანგარიშმა კრიტიკულ სხვაობას მიაღწია, ფინეთი 51:39 დაწინაურდა.

– საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, დრაჟენ ბრაიკოვიჩმა მოედანზე კონკრეტული დავალებით შემიყვანა: გამეჩერებინა მატინენი, – იხსენებს შიო ხეცურიანი, – მიუხედავად იმისა, რომ დარბაზი პირამდე სავსე იყო, 12 ათასი მაყურებელი ესწრებოდა, საიმისო გამოცდილება უკვე მქონდა, რომ მწვრთნელის დავალება ყოველგვარი აღელვების გარეშე შემესრულებინა.

შიო ხეცურიანმა მატინენი თამაშიდან გამოთიშა, ვოვა ბოისამ ჩატენვას ჩატენვა მიაყოლა, შემონდ უილიამსმა და ზაზა ფაჩულიამ ფინელების კალათი ფარქვეშიდან და პერიმეტრიდან დაბომბეს და საქართველოს ნაკრებმა გულშემატკივარი ძალიან გაახარა – 85:78 გავიმარჯვეთ.

კოტე ტუღუში

2004-ში, ბრაიკოვიჩის ფორმაციის ეროვნულში იყო გამთამაშებელი კოტე ტუღუში, რომელსაც მწვრთნელები 2005 და 2006 წლებში, თითქმის არ ენდობოდნენ. არადა, იგი საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული უკანახაზელიც იყო და ირანშიც მაღალ დონეზე თამაშობდა.

2007-ში ნაკრების მწვრთნელმა კენ შილდსმა იკითხა კიდეც – ეს კალათბურთელი აქამდე რატომ არ მანახეთო. ეს სხვისი ბრალი იყო, თუ თავად მწვრთნელის, ცალკე მსჯელობის თემაა. ფაქტი კი ის არის, რომ კოტე 2008 წლიდან იგორ კოკოშკოვის სქემებში კარგად ჩაჯდა და მნიშვნელოვანი ფუნქციაც ჰქონდა.

მართალია, სათადარიგო იყო, მაგრამ თავისი წვლილი შეიტანა გუნდის A დივიზიონში გადასვლაში. თავად განსაჯეთ: 2009 წელს გადამწყვეტ საპლეიოფო სერიაში ბელარუსთან მინსკშიც ორი სამქულიანი ჩააგდო და თბილისშიც (პერიმეტრიდან ბურთი არ აუცილებია).

– პლეი ოფის პირველი შეხვედრა მინსკში გაიმართა. ორი სამქულიანი გამოვიყენე. მატჩის შემდეგ პერიპეტიებზე საუბრისას ზაზა ფაჩულიამ მითხრა – თბილისში, განმეორებით შეხვედრაში სამქულიანს ვეღარ ჩააგდებო. დავენაძლევე, რომ მოედნიდან სამი სამიანის გარეშე არ გამოვიდოდი. თამამი ნათქვამი იყო, მაგრამ საკუთარი თავისა მჯეროდა. ბელარუსთან თბილისურ მატჩში პერიმეტრიდან ორი ტყორცნა მოვათავსე კალათში, მესამე ცდისას კი ჩემზე დაჯარიმდნენ და სამი ჯარიმის ტყორცნის უფლება მივიღე. სამივე ჩავაგდე, გამომივიდა: 2 სამქულიანი+3 საჯარიმო, ზაზამ ჩამითვალა და ნაძლევიც მოვიგე.

კოტე ტუღუში იგორ კოკოშკოვმა ევრობასკეტი 2011-თვისაც გამოიძახა, თუმცა შეკრების დაწყების შემდეგ შევიტყვეთ, რომ კოტემ კალათბურთელის კარიერა დაასრულა, ევრობასკეტზე ნაკრების შტაბში მწვრთნელად მოგვევლინა.

ბესიკ ლეჟავა

– 2013 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებში ტრავმების გამო ვერ ითამაშეს ზაზა ფაჩულიამ და თორნიკე შენგელიამ. შესაბამისად, ტაქტიკის ძირეულად შეცვლა დაგვჭირდა. ხშირ შემთხვევაში აქცენტს პერიმეტრზე ვაკეთებდით და ამართლებდა კიდეც, – აღნიშნა იგორ კოკოშკოვმა.

ახალმა ტაქტიკამ გაამართლა პირველივე შეხვედრაში – პოლონეთთან. მარცინ გორტატის თანაგუნდელებს დამაჯერებლად მოვუგეთ და ევრობასკეტის სტარტზევე დავუკარგეთ მადა, რომლითაც ევრობასკეტზე ჩავიდნენ – მედლები უნდა მოვიპოვოთო.

პოლონეთი ცინცაძემ, მარკოიშვილმა, სანიკიძემ, ცქიტიშვილმა, ლეჟავამ სამქულიანებით დაბომბეს.

– თამაში თავიდანვე კარგად დავიწყეთ. როდესაც მოედანზე შევედი, ბურთთან პირველივე შეხებისას სამქულიანის სატყორცნელად სივრცე გამომითავისუფლდა, ვისროლე და ჩავაგდე. პოლონეთთან მატჩი ჩემთვის სანაკრებო კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომენტია, – აღნიშნავს ბესიკ ლეჟავა, რომელიც მომდევნო წელსაც რეგულარულად თამაშობდა კოკოშკოვის გუნდში.

მოგვიანებით კი, ლაშა გამყრელიძესთან ერთად დააფუძნა საკალათბურთო კლუბი “ტიტები” და სუპერლიგაში გადასვლის პირველივე წელს საქართველოს თასი მოიგო. ბესოს სამქულიანებს მეტოქეები ახლაც უფრთხიან.,