ვლადიმერ ბოისა, ირაკლი ხოშტარია, მამუკა აბრამიძე, ვაკო ბეჟანიშვილი და ვასილ ოთიურიძე… ამ მოთამაშეებზე მოგითხრობთ დღეს, კალათბურთის ფედერაციის პროექტში “ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ2021-მდე”.
13 წელი ნაკრების მაისურით
ვლადიმერ ბოისა
1998 წლის 25 თებერვალს საქართველოს ნაკრებში ბოლოჯერ ითამაშა ვლადიმერ სტეფანიამ. მან ლატვიაში მუხლის ტრავმა მიიღო და მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გამოჩენილა.
საყურადღებო დამთხვევაა: ვოვას წასვლას ვოვას მოსვლა დაემთხვა – სწორედ ლატვიაში შედგა ვლადიმერ ბოისას დებიუტი.
– საქართველოს ნაკრებში გამოძახების ამბავი კარგად მახსოვს, – იხსენებს ბოისა, – მაშინ რუსთავის “აზოტის” ერთ-ერთი წამყვანი კალათბურთელი ვიყავი. ნაკრების წევრებსაც ვიცნობდი. თუმცა ცოტას ვღელავდი. იმ ციკლში ყველაზე ნათლად ჩეხეთში გამართული შეხვედრა მაგონდება. ლიუბლიანიდან ჯერ პრაღაში ჩავფრინდი, საიდანაც ოპავაში ტაქსით წავედი. ნამდვილად არ მეგონა, რომ მანქანით მგზავრობა დიდ დროს წაიღებდა. დაღლილი ჩავედი… პრაღაში ნაკრების წევრები უკვე როგორც ლეგიონერს ისე მელოდნენ – “სლოვანთან” კონტრაქტი ახალი გაფორმებული მქონდა.
სლოვანიდან ვოვა ბოისა ევროლიგურ “ოლიმპიაში” გადავიდა…
– ვლადო ლიუბლიანაში ჩამოვიდა და “ოლიმპიას” კაპიტანი გახდა, – იხსენებს NBA-მოვლილი სლოვენიელი მარკო მილიჩი, – უცხოელისთვის სლოვენიაში კაპიტნობის მიღწევა ძალიან რთულია. საამისოდ დიდი შრომაა საჭირო. ბევრი კალათბურთელი ჩამოდის და მხოლოდ სტატისტიკას უყურებს. ბოისა გუნდისთვის იყო და ამიტომაც მოიპოვა ხალხში პოპულარობა. იგი კარგი ხიდია სლოვენიასა და საქართველოს შორის.
ცხადია, ბოისა ქართველ ქომაგსაც ძალიან უყვარს. ეს მან გულიანი თამაშით დაიმსახურა.
– ნაკრებში ყოველი წელი დასამახსოვრებელი იყო. ეროვნული გუნდის წევრებს მთელი სეზონის განმავლობაში კლუბებში გვიწევდა თამაში და ერთმანეთს ვერ ვხვდებოდით, ნაკრები კი საშუალებას გვაძლევდა ბიჭები გავერთიანებულიყავით და ქვეყნის ღირსება დაგვეცვა. გამოგიტყდებით, მეგობრები ყოველთვის მენატრებოდა. ჩვენი ერთობლივი შრომა 2011 წელს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრით დაფასდა. ენით აუწერელი სიხარული იყო ჯერ ევრობასკეტზე მოხვედრა, შემდეგ ჯგუფიდან გასვლა, – დასძენს ვოვა ბოისა.
ვაკო ბეჟანიშვილი
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 1997-ის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩი ბელარუსთან შინ გამართა.
დავით თორთლაძე ბელარუსთან მატჩის ბოლო წამებს იხსენებს:
– ბოლო იერიშის განხორციელების უფლება ჩვენ დაგვრჩა. ბურთი უნდა გაგვეთამაშებინა და უკანასკნელ წამზე გვესროლა, რათა მეტოქისთვის საპასუხო იერიშის განხორციელების შანსი არ მიგვეცა. სირენა ისე მოახლოვდა, რომ თავისუფალი პარტნიორი არ გამოჩნდა. ფარქვეშ შევედი და ბურთი კალათისკენ გავუშვი, თუმცა იგი რგოლზე დატრიალდა და იქვე მყოფმა ვაკო ბეჟანიშვილმა კალათში ჩააბრუნა – 80:78. დაძაბული შეხვედრა ასეთმა საინტერესო ფინალმა ნამდვილად დაამშვენა.
არადა, ჩვენს მეტოქეს მოგება ჰაერივით სჭირდებოდა. ეს ვაკო ბეჟანიშვილს ბელარუსებმა რუსეთშიც შეახსენეს:
– თბილისური მატჩი ბელარუსის ნაკრების მწვრთნელ-კალათბურთელებს დიდი ხნის განმავლობაში ახსოვდათ. რუსეთში რომ ვთამაშობდი, ბელარუსი მწვრთნელი მოვიდა და მკითხა – რა გრჯიდათ, რა მოტივაცია გქონდათ ისეთი, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი მოგვისპეთო. ჩვენთვის ხომ ნაკრებში თამაში თავისთავად დიდი მოტივაცია იყო. მითუმეტეს, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობდით.
ირაკლი ხოშტარია
საქართველოს ნაკრებში 22 მატჩი აქვს გამართული ირაკლი ხოშტარიას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კარგ ფორმაშიც ყოფილა, ეროვნულ გუნდში 2001 წლის შემდეგ აღარ გამოუძახიათ.
მისთვის ყველაზე არასასიამოვნოდ გასახსენებელი ლატვიასთან შეხვედრა იყო – ხოშტარიამ მეორე პერიოდში ხელი მოიტეხა:
– რატომღაც, ნაკრებში გამოძახებას ტრავმები ემთხვეოდა. შვედეთთან მატჩის წინ ფეხი დავიზიანე. ლატვიასთან მხოლოდ 14 წუთი ვითამაშე – ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთისთვის ავხტი, მოედანზე უხერხულად დავეშვი და ხელი მოვიტეხე… მას მერე ბევრი გამიცდა. საინტერესოა, რომ როცა გამოცდილება დავაგროვე და კლუბში დიდი მოცულობის სამუშაოს ვასრულებდი, ნაკრებში აღარ მიძახებდნენ.
კარიერის დასრულების შემდეგ ირაკლი სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა და წარმატებული კარიერაც შეიქმნა. მის ხელში “დინამო” სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ირაკლიც სამჯერ გახდა სეზონის საუკეთესო მწვრთნელი. ამჟამად სუპერლიგის წარმომადგენელ “ვერას” ხელმძღვანელობს.
მამუკა აბრამიძე
მამუკა აბრამიძეს, ისევე როგორც ირაკლი ხოშტარიას, მეტად რთულ სანაკრებო პერიოდში უწევდა თამაში. ყველა მატჩი რომ მძიმეა, ეს კარგად მოგეხსენებათ, რთული იყო მათთვის მომზადება.
აი, რას იხსენებს 1998-99 წლებში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ლევან მოსეშვილი:
– ჩეხეთთან მატჩის წინ ნაკრები “დინამოს” ბაზაზე შევკრიბე. თუმცა, ამას შეკრებას პირობითად თუ დავარქმევთ. ჩვეულებრივი ვარჯიშები იყო. ბიჭებს დავუკავშირდი და ბაზაზე დავიბარე. ზოგს გვიან მივაწვდინე ხმა. მაგალითად მამუკა აბრამიძე ბათუმში იყო და არც იცოდა თუ ნაკრებში იყო გამოძახებული. გუნდის მოსამზადებლად არანაირი პირობები არ არსებობდა.
ცხადია, გაიგო თუ არა, მამუკა დაუყოვნებლივ ჩამოვიდა თბილისში და ნაკრებს შეუერთდა. იგი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. თავად განსაჯეთ: აბრამიძეს ნაკრებში 9 მატჩი აქვს ნათამაშები, თითოში საშუალოდ 26.9 წუთი. 6 ქულასა და 1.8 პასს აგროვებდა.
ვასილ ოთიურიძე
ვასილ ოთიურიძეს ნაკრებში მხოლოდ სამი მატჩი აქვს ჩატარებული. თუმცა სამივე მეტად მნიშვნელოვანი და, რაც მთავარია, დასამახსოვრებელი იყო. დასამახსოვრებელი არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვასკამ თურქეთის, ლატვიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშა, არამედ იმითაც რომ მას წუთებიც უხვად ჰქონდა და შედეგიანადაც ირჯებოდა.
1998 წელს ბურსაში თურქებთან მოედანზე 28 წუთი გაატარა, 7-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და მატჩი 11 ქულით დაასრულა. შემდეგ იყო ლატვიასთან თერთმეტწუთიანი მატჩი, რომელშიც თითო ორქულიანი და სამიანი სტყორცნა და ორივე მიზანში მოარტყა. ამას 2-დან 2 საჯარიმო მიამატა და 7 ქულა მოუგროვდა.
ნაკრებში ბოლო მატჩი იტალიასთან ჰქონდა – “სკუადრა აძურასთან” 32 წუთი ითამაშა და 10 ქულამდე ავიდა (6-დან 5 ორქულიანი). მეტი სათამაშო დროც ექნებოდა, ხუთი ჯარიმით რომ არ დაეტოვებინა მოედანი.
ანონსი: მომდევნო ხუთშაბათს, 26 დეკემბერს, გიამბობთ ზურაბ ტომარაძის, გიგი ნაცვლიშვილის, ირაკლი მაისურაძის, გიორგი გაგნიძის და ვალერი კილაძის შესახებ.