კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტი “ქართული კალათბურთის გზა” ვერობასკეტ2021-მდე” გრძელდება და ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათ დღეს, ჩვენ გიყვებით იმ კალათბურთელების და მწვრთნელების შესახებ, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მატჩებში იასპარეზეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სპორტის ამ სახეობის განვითარების საქმეში.
საბჭოური დინამოდან ეროვნულ ნაკრებში
წინა სამ რუბრიკაში გაგაცანით ევრობასკეტ1997-ის შესარჩევი ეტაპის მონაწილე რვა კალათბურთელი და სამწვრთნელო შტაბი … უფრო სწორად გაგახსენეთ, რადგან ეს ის შემადგენლობა იყო, საქართველოს ნაკრების ნებისმიერი ქომაგი რომ იცნობს.
ამჯერად წარმოგიდგენთ კიდევ სამ მოთამაშეს, რომლებიც ეროვნულ გუნდში დიდი გამოცდილებით მივიდნენ – ვიდრე საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა, გელა დარსაძე, პაატა გურასპაული და გია სანაძე თბილისის “დინამოს” სახელს საბჭოთა კავშირის პირველობაზე იცავდნენ. სხვადასხვა ასაკის სსრკ-ის ნაკრებებშიც თამაშობდნენ, ხოლო დარსაძე პირველი ნაკრების წევრიც გახლდათ.
სანაძემ 10 სეზონი ჯვარედინი იოგის გარეშე ითამაშა (!) და თან ისე, რომ ამის შესახებ არც თავად და არც ექიმები არ უწყოდნენ… ამის მიუხედავად, იგი ის კალათბურთელი იყო, რომელსაც მეტოქეები პერიმეტრიდან ყველაზე მეტად უფრთხოდნენ.
სანაძემ ნაკრებში 20 მატჩი ითამაშა, 36 საჯარიმო და 51 ორქულიანი სტყორცნა, ეს რიცხვები რომ შევკრიბოთ, იმაზე მეტი სამქულიანი ისროლა – 125, საიდანაც 48 კალათში მოათავსა.
გია სანაძე ბოსნიასთან 77:66 მოგების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, კრიტიკულ მომენტში მისი შორეული ტყორცნებით ჯერ ჩამორჩენა შევამცირეთ, შემდეგ თამაშიც შემოვატრიალეთ.
იგი ნაკრებთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ამბავს იხსენებს:
– ეროვნული გუნდის მოთამაშეები გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგში საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობის დროს ხის პატარა კოტეჯებში განგვათავსეს. საღამოს ბიჭები ტელევიზორით ბუნდესლიგის საფეხბურთო ტოპ-მატჩის საცქერად მოვემზადეთ. უცებ, ერთი მეორის მიყოლებით კოტეჯებში სატელევიზიო სიგნალის მიწოდება შეწყდა. კოტეჯებიდან გამოვარდნილ გულგახეთქილ ბიჭებს ხელში თავიანთი ონავარი თანაგუნდელი შერჩათ, რომელმაც ყველა კოტეჯის სატელიტური ანტენა მწყობრიდან გამოიყვანა, თუმცა სახურავიდან ჩამოსულმა მიმალვა ვეღარ მოასწრო… ირაკლი ბაქრაძე იყო.
გია სანაძის სამივე ვაჟი კალათბურთითაა დაკავებული. უფროსი, დუდა ეროვნული ნაკრების სტაჟიანი წევრია. მამის აზრით, დუდა საოცრად მებრძოლი და შრომისმოყვარე კალათბურთელია და ყველა წინაპირობა გააჩნია, დიდი კალათბურთი ითამაშოს და მაღალი საკალათბურთო მწვერვალები დაიპყროს. შუათანა ვაჟი, სანდრო თსუ-ის ღირსებას იცავს და ეროვნული ნაკრების კანდიდატია.
ამჟამად გია სანაძე საკალათბურთო სკოლა “ჰიუნდაის” დირექტორი და საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრების წევრია.
პაატა გურასპაული
როგორც დასაწყისში მოგახსენეთ, ვწერთ კალათბურთელებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს საბჭოთა კავშირის ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობდნენ. პაატა გურასპაული ახალგაზრდულის წევრი იყო.
საქართველოს ეროვნული გუნდი რომ ჩამოყალიბდა, გამთამაშებლის პოზიციაზე ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად სწორედ პაატა გურასპაული განიხილებოდა. ბესიკ ლიპარტელიანმა და ნოდარ ქორქიამ წაიყვანეს კიდეც ევრობასკეტი 1997-ის საკვალიფიკაციოზე, ბირმინგემში.
– ინგლისში ხუთი მატჩი გავმართეთ. აქედან ოთხში ვითამაშე – მწვრთნელებმა ინგლისის ნაკრებთან დამასვენეს, რადგან მომდევნო დღეს დანიას ვეთამაშებოდით. ნახევარფინალურ ეტაპზე გასვლაში ჩვენი უშუალო კონკურენტი სწორედ დანია იყო. ჩანაფიქრმა გაამართლა – დანია დავამარცხეთ და საქართველოში წარმატებით დავბრუნდით, – იხსენებს პაატა გურასპაული, რომელმაც დანიელებთან 23 წუთში 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო და მატჩი 8 ქულით დაასრულა.
მან ნაკრებში ბირმინგემის მერე ერთადერთი მატჩი ითამაშა: 1995 წლის 15 ნოემბერს, ბელარუსში.
– პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაბრუნების შემდეგ ტრავმა მივიღე, ფეხზე ოპერაცია დამჭირდა. რეაბილიტაცია გავიარე, თამაშიც განვაახლე, ნაკრების მწვრთნელებმა ბელარუსშიც წამიყვანეს, მაგრამ საბოლოოდ ნაოპერაციებმა ფეხმა კარიერის გაგრძელების საშუალება არ მომცა.
პაატა გურასპაული საქართველოს ვეტერან კალათბურთელთა ნაკრების წევრია. მისი ხელმძღვანელობით დაფუძნდა თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირი. ამჟამად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.
გელა დარსაძე
ქუთაისში მეტად საინტერესოდ აღინიშნა ლეგენდარული მწვრთნელის, სულიკო თორთლაძის 100 წლის იუბილე. სწორედ მისი მეცადინეობით ქართული კალათბურთი ქუთაისიდან უწყვეტად მარაგდებოდა ტალანტებით, რომელთა ხარისხი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ფარგლებსაც სცდებოდა.
80-იან წლებში, საბჭოთა ნაკრებში კიდევ ერთი ქუთაისელი, გელა დარსაძე გამოჩნდა…
– გელა გამორჩეული ტალანტი იყო, – გვითხრა გია სანაძემ, – თამაშის მანერით ზურაბ საკანდელიძეს ჰგავდა. მოედანზე მის მსგავს პარტნიორს თუ ინატრებს კაცი. არ მახსოვს, პასი დაეგვიანებინოს. რამდენიმე წელიწადი ერთ ოთახში ვცხოვრობდით, ამიტომ ბევრი რამ ვიცი მის შესახებ. მსგავსი უნიკალური, ალალი და მართალი პიროვნებები იშვიათად იბადებიან.
გელა დარსაძემ კარიერა 1997 წელს დაასრულა, მანამდე კი ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩის გამართვა მოასწრო. ბოსნიასთან 21 წუთი ითამაშა, 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო…
მოვუსმინოთ პაატა გურასპაულს:
– გელა დარსაძე ექსტრა-კლასის მოთამაშე გახლდათ, კარიერის მანძილზე იგი ჩემი საუკეთესო პარტნიორი იყო. მოედანზე ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით.
გასული საუკუნის 80-იან წლებში თბილისის “დინამოს” უკანა ხაზის ხერხემალს სწორედ დარსაძე-გურასპაულის დუეტი წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში (სუპერლიგა) დაწესებულია გელა დარსაძის სახელობის პრიზი, რომელიც ტრადიციულად, სეზონის ბოლოს, სუპერლიგის გამორჩეულ ახალგაზრდა კალათბურთელს გადაეცემა.
ანონსი:მომავალ კვირაში გიამბობთ ვლადიმერ სტეფანიას, მამუკა ტურაშვილის, კახა ბარამიძისა და ირაკლი ვაშაკიძის შესახებ.