ქართული ლეგიონი ევროლიგაში

ევროლიგის პირველი ჯგუფური ეტაპის პირველი წრის უკანასკნელ ტურში გორდონ ჰერბერტის “პო-ორტეზმა” კიდევ ერთი ფეერიული შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის გუნდმა გასვლაზე კაუნასის “ჟალგირისი” დაამარცხა 110:106. მატჩი თავიდანვე დაძაბულად წარიმართა და პირველი ნახევრის მერე მასპინძლები 14 ქულას იგებდნენ, თუმცა მერე და მერე “პომ” ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრა  დამატებით დროში გადავიდა. პირველი ოვერტაიმის მერეც ფრე (101:101) იყო, მეორე დამატებით ხუთწუთეულში კი “პომ” 13:9 იმარჯვა და მატჩი 110:106 მოიგო. გუნდს 7 შეხვედრის მერე 4 მოგება აქვს და ძლიერ C ჯგუფში მეოთხე ადგილზე იმყოფება.რაც შეეხება მანუჩარ მარკოიშვილის “ოლიმპიას”, გუნდი ამჯერადაც დამარცხდა. მანუს გუნდმა შინ დაძაბული მატჩი “ხუვენტუდთან” 67:69 დათმო. საქართველოს ნაკრების წევრმა მარკოიშვილმა შეხვედრა 12 ქულით, 4 ჩაჭრით, 2 პასითა და 1 მოხსნით დაასრულა. “ოლიმპიას” ერთადერთ გამარჯვება აქვს და B ჯგუფში უკანასკნელ ადგილზე იმყოფება.ბოლოს კი ტაირონ ელისის “ნაპოლისაც” შევეხოთ. აპენინელები გასვლაზე იტალიურ დაპირისპირებაში “ბენეტონს” შეხვდნენ და 70:64 დაამარცხეს. ელისის მონაგარი ასეთი იყო: 5 ქულა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა. “პოს” ჯგუფში “ნაპოლი” 2 მოგებით მეშვიდე პოზიციაზეა.