ადრიატიკის ლიგა
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების გუნდმა „ოლიმპიამ“ ადრიატიკის ლიგაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ლიუბლიანელებმა ხორვატიულ „ცედევიტას“ უმასპინძლეს და 75:67 გაიმარჯვეს.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. პირველი ტაიმის შემდეგ 11 ქულით დაწინაურებულმა „ოლიმპიამ“ მესამე მეოთხედი 7 ქულით წააგო და გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე მხოლოდ 5-ქულიანი ლიდერობა შერჩა. საბოლოოდ ლიუბლიანელებმა მობილიზება მოახერხეს და მოპოვებული ლიდერობა წარმატებით ხომ შეინარჩუნეს და მას რამდენიმე ქულაც წაამატეს.
ვლადიმერ ბოისამ მოედანზე 17 წუთი გაატარა და 3 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ბოისა ალბათ კიდევ დარჩებოდა მოედანზე, 5 პერსონალური რომ არ მიეღო. რაც შეეხება გიორგი შერმადინს, მან მოედანზე 14 წუთი დაჰყო და საკმაოდ შედეგიანიც გახლდათ. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 3–დან 1 ორქულიანი და 4–დან ყველა საჯარიმო ჩააგდო, 6 ქულა დააგროვა და ამას 8 მოხსნაც მოაყოლა.
ბალტიის ლიგა
გიორგი ცინცაძის „როკმა“ ადრიატიკის ლიგაზე იოლი გამარჯვება მიითვალა. ტარტუელებმა იმ „დოლფინსს“ უმასპინძლეს, რომელთანაც პირველ წრეში დამარცხდნენ. ტარტუელებმა საკმაოდ იოლად, 94:68 მოიგეს და ამაში ქართველ გამთამაშებელს დიდი წვლილი მიუძღვის.
„როკმა“ პირველი ტაიმი 25 ქულით მოიგო, რითაც შეხვედრის ბედი გაარკვია. მატჩის საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელმა 2–დან 1 ორქულიანი და 4–დან 3 სამიანი ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 11 ქულა შეადგინა. გარდა ამისა, ცინცაძეს 6 პასი და 3–3 მოხსნა–ჩაჭრაც ჰქონდა, ხოლო ბურთი 2–ჯერ დაკარგა.
13 მოგებითა და 6 მარცხით „როკი“ ბალტიის ლიგაში მე–4 ადგილზეა.
ბელგიის ჩემპიონატი
თორნიკე შენგელიას ამ ბოლო ხანებში სათამაშო დრო გაეზარდა და ქართველი უკანახაზელიც თავს არ ირცხვენს. შენგელიას გუნდი შაბათს ახლოს იყო საამაყო გამარჯვებასთან. მისი „პეპინსტერი“ ბელგიის საუკეთესო გუნდ „შარლერუას“ ხვდებოდა და პირველი ტაიმის შემდეგ 16 ქულითაც იგებდა, მაგრამ საბოლოოდ წარმატების მიღწევა ვერ მოახერხა. „შარლერუა“ ბელგიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია, „პეპინსტერი“ კი ბოლოსწინა ადგილზეა.
მესამე მეოთხედი „შარლერუამ“ 23:13 მოიგო, ბოლო ათწუთეულში კი 22:8 იმარჯვა და საბოლოოდ მატჩი ლიდერი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 75:67. მიუხედავად იმისა, რომ ხუთეულში არ ყოფილა, შენგელიამ მოედანზე საკმაოდ ბევრი – 29 წუთი გაატარა. თორნიკემ 7 ორქულიანიდან 2 ჩააგდო, 1 სამიანი ააცილა და 5 ცდიდან 3 საჯაჯარიმო მიითვალა. საბოლოოდ მან 7 ქულა, 6 მოხსნა 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. 19 წლის ქართველის პასივში 5 დაკარგული ბურთი გახლდათ.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
ესპანეთის ჩემპიონატში შაბათს 2 მატჩი ჩატარდა, საიდანაც ერთში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა. ტორინ გრინის „გრან კანარიამ“ გასვლაზე „ფუენლაბრადას“ ეთამაშა და 81:92 დამარცხდა.
გრინი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე 17,15 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ტორინმა 1 ორქულიანი და 3 სამიანი ააცილა, თუმც საჯარიმოს ხაზიდან 4–დან 3 სროლა გამოიყენა და საბოლოოდ 3 ქულა დაუგროვდა. გრინმა ასევე 3 მოხსნა, 3 პასი 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი ერთხელ დაკარგა.
„გრან კანარიას“ 10 მოგება და 11 წაგება აქვს და ამ შედეგით ეს გუნდი მე–11 ადგილზე იმყოფება.