ახალი ქართული რეკორდი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. სანდრო მამუკელაშვილმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ მატჩში, რომელშიც ქართველი ფორვარდის სან ანტონიომ ნიუ იორკი 120:105 დაამარცხა, მამუკელაშვილმა 19 წუთში 34 ქულა ჩააგდო და გააუმჯობესა მისივე რეკორდი, რომელიც 28 ქულას შეადგენდა. მამუკელაშვილმა 7-დან 7 სამქულიანი და 7-დან 6 ორიანი ჩააგდო.
ნბა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია ლიგის საყოველთაო რეკორდთან დაკავშირებით. მამუკელაშვილი გახდა პირველი კალათბურთელი ნბა-ს ისტორიაში, რომელმაც 1 მატჩში მოედანზე გატარებულ 20 წუთზე ნაკლებ დროში 34 ქულა ჩააგდო. აქამდე ეს რეკორდი ჯეილენ ბრაუნს ეკუთვნოდა, რომელსაც 19 წუთში 33 ქულა ჰქონდა ჩაგდებული.
აღსანიშნავია, რომ სანდრომ მეორე პერიოდში 8, ხოლო ბოლო პერიოდში 11 წუთი ითამაშა. მისმა წარმოუდგენლად შედეგიანმა თამაშმა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს იმედი გადაუწურა, ხოლო სან ანტონიოს გამარჯვება გაუნაღდა! სარეკორდო 34 ქულასთან ერთად მამუკელაშვილს ჰქონდა ასევე9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა.
ცხადია, ამ შედეგით მამუკელაშვილი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. სან ანტონიოს 29 მოგების წილ 39 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. დარჩენილ 14 მატჩში მამუს გუნდს პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი გააჩნია. მომდევნო შეხვედრას სან ანტონიო 22 მარტს, შინ, ფილადელფიასთან გამართავს.
ცხადია, ქართველი ფორვარდი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა და მან შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“”ეს ჩემს ოჯახს და ყველა გულშემატკივარს მივუძღვენი. უბრალოდ ვერ ვხსნი, რას ვგრძნობ ახლა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, სიზმარში ვარ. მამაჩემიც აქ იყო, ის გუშინ ჩამოფრინდა, ჩემი ძმაც აქ იყო. განსაკუთრებული საღამოა. მადლობა, ბიჭებს და სამწვრთნელო სტაფს. ისინი შესანიშნავები არიან.
NBA-ში დრო უნდა გამოიყენო. აქ ლიგის საუკეთესო მოთამაშეები არიან, გარანტირებული არაფერია, ყოველდღე უნდა იშრომო, მენტალურად და ფიზიკურად უნდა მოემზადო. ხანდახან არ ხარ როტაციაში, ხანდახან ხარ, ხანდახან კი მატჩის ბოლოს თამაშობ. როგორც კი იგრძნობ თავს დამარცხებულად, სწორედ მაშინ იწყება შენი დღე. როგორც აღვნიშნე, ვცდილობ, უკეთესი გავხდე, ვცდილობ, ყველას დავუმტკიცო, რომ აქ ყოფნას ვიმსახურებ.
თავს კარგად ვგრძნობ, ბედნიერი ვარ. ამ დღეს ძალიან დიდი ხანი ველოდებოდი. ჩემს სადებიუტო წელს 28 ქულა მქონდა და მგონი, ჩემი კარიერის საუკეთესო შედეგი იყო. ახლა კი, როცა ავიხედე და დავინახე, რომ 24 ქულა მქონდა და ასე ახლოს ვიყავი, ვიფიქრე, რომ რეკორდი უნდა მომეხსნა.
ჩემი თანაგუნდელები ყველაზე კარგად მიცნობენ – როგორი ადამიანი ვარ, ხედავენ როგორ ვშრომობ, რისი გავლა მიწევს. შემიძლია, რომ მათთან მივიდე და დახმარება ვთხოვო და რჩევა ვკითხო. ყოველთვის მიჭერენ მხარს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩემს გვერდით არიან, რადგან მაშინაც კი, როცა რთული პერიოდი მაქვს და არ ვთამაშობ, ყოველთვის შემიძლია მათთან მისვლა და ლაპარაკი”.