ქართველ 20-წლამდელებს A დივიზიონამდე მხოლოდ ჩეხეთის ბარიერი დარჩათ

ქართველ 20-წლამდელებს A დივიზიონამდე მხოლოდ ჩეხეთის ბარიერი დარჩათ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ნახვეარფინალშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავით უსტიაშვილის გაწვრთნილ გუნდს სანუკვარ A დივიზიონამდე ერთი ნაბიჯიღა აკლია. დებულების თანახმად, B დივიზიონის 22 გუნდიდან ელიტაში 2 საუკეთესო – ანუ ფინალისტები აინაცვლებენ. საქართველოს ნაკრებმა დღეს სარაევოში მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი დანიას დამაჯერებლად – 18 ქულის სხვაობით მოუგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
 
ნახევარფინალში საქართველოს მეტოქეც ცნობილია. ეს დღეს ბელგიასთან დამარცხებული ჩეხეთია.  ბელგიამ კი საქართველოს დარად წაუგებლად განვლო მეორე ჯგუფური ეტაპი და პირველზე გავიდა. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს ბელგიელები და ესტონეთს შეხვდებიან.
 
რაც შეეხება დანიასთან მატჩს, ის საქართველომ უმაღლეს დონეზე ჩაატარა. პირველი მეოთხედის შემდეგ საქართველო 31:16 იგებდა და ათქულიან ზღვარს უკვე აცილებულები იყვნენ დუდა სანაძე და აკაკი დვალიშვილი. ეს მომენტი იმიტომ აღვნიშნეთ, რომ თუკი აქამდე თვლიდნენ, რომ საქართველო ერთი მოთამაშის გუნდია და მხოლოდ თორნიკე შენგელიას მარიფათზეა დამოკიდებული, ამ მატჩის შემდეგ ასეთი შეფასების გაკეთება ძნელია. კალათბურთი გუნდური თამაშია და მწვრთნელს, ასევე ქომაგს, უპირველეს ყოვლისა შეთამაშება აინტერესებს, რამეთუ შეკრული გუნდის დამარცხება გაცილებით ძნელია, ვიდრე კონკრეტულ კალათბურთელზე დამოკიდებულის. აქამდელ ინტერვიუებში 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი დავით უსტიაშვილი აცხადებდა, რომ გამარჯვებები გუნდური სულისკვეთებით იყო მოპოვებული. ახლა კი ამ განცხადებას ოქმიც უმაგრებს ზურგს – ქართველებმა ერთიანი ძალებით, დიდი მონდომების ხარჯზე დაამარცხეს სკანდინავიური გუნდი. მართალია, შენგელია მაინც გახდა ქართველთაგან ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშედაც უნდა დავასახელოთ, თუმცა სხვა მატჩებთან შედარებით ქართველებმა ახლა უფრო დიდი დოზით აჩვენეს გუნდური სულისკვეთება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დანიელებთან მატჩამდე ქართველთაგან შენგელიას გარდა არც ერთი კალათბურთელი არ ასცილებია 20–ქულიან ზღვარს. ეს კი სკანდინავიელებთან შეხვედრაში აკაკი დვალიშვილმა მოახერხა, რომელმაც 13 ორქულიანიდან 10 ჩააგდო და საბოლოოდ 21 ქულას მოუყარა თავი.
 

 
პირველ ტაიმში ქართველებმა მეტოქე ფარქვეშ არ დაინდეს. იყო პირველ ტაიმში ეპიზოდი, როცა ქართველებს სამწამიანი ზონიდან 24 ქულა ჰქონდათ მოპოვებული, ხოლო დანიელებს მხოლოდ – 2. ქართველები დასაწყისში  დანიელებზე გაცილებით მარჯვედ ხსნიდნენ ბურთებს, თუმცა მეორე ტაიმში სკანდინავიელებმა ეს კომპონენტი გამოასწორეს, შორიდან სროლებსაც წარმატებით ესროდნენ და მესამე მეოთხედში 20-ქულიანი (35:55) ჩამორჩენა 8 ქულამდე (51:59) შეამცირეს. 
 
ასეთ კრიტიკულ მომენტში არ დაიბნენ ქართველები. უსტიაშვილმა დროული წუთშესვენება აიღო და მოედანზე დაბრუნებული ქართველები თავდაპირველი შემართებით ათამაშდნენ. მესამე მეოთხედის უკანასკნელი 1,40 წუთი ჩვენიანებმა 6:0 მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ უპირატესობა დიდი შესვენების დარად 14 ქულამდე გაზარდეს – 65:51. განახლდა თამაში და მატჩის საუკეთესო მოთამაშეებმა – დვალიშვილმა და შენგელიამ მორიგი ორქულიანები მიითვალეს და ქართველების უპირატესობამ 18 ქულას მიაღწია – 69:51 საფინალო სირენამდე 8 წუთით ადრე. დარჩენილ დროში დანიელები ბევრს ეცადნენ, სამქულიანებიც ბლომად ესროლეს და ტაქტიკური ჯარიმებიც აიღეს, მაგრამ ქართველები არ იყვნენ ამხელა უპირატესობის გამფლანგველები და საბოლოოდ უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაც მოიპოვეს.
 
საქართველო და ჩეხეთი A დივიზიონის საგზურისთვის ერთმანეთს ზეგ, 23 ივლისს, ნახევარფინალში შეხვდებიან. მატჩი თბილისის დროით 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო მთავარ მიზანს, ელიტარულ დივიზიონს (რომელშიც მომავალ წელს იასპარეზებს) მიაღწევს, თუმცა ბოლო მატჩსაც (ფინალს) ჩაატარებს, რომლის მოგების შემთხვევაშიც B დივიზიონის საუკეთესო გუნდის ტიტულს დაეპატრონება.
 
მატჩის სრული სტატისტიკა იხილეთ ამ ბმულზე: http://u20men.fibaeurope.com/enDivB/cid_GtpNa-qCJkM1Osy8c8nb01.gameID_8341-E-3-2.compID_UIfgjyQcGqk-fPlnl66Tj0.season_2011.roundID_8167.teamID_.html 
 
ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი. B დივიზიონი. ბოსნია, სარაევო. 21 ივლისი
დანია 66:84 საქართველო
16:31 19:18 16:16 15:19
 
 
E ჯგუფი
ბულგარეთი – ესტონეთი 74:97
 
1.       საქართველო       3          3/0       260/228           6
2.         ესტონეთი                3          2/1       246/220           5
3.         დანია                        3          1/2       196/207           4
4.         ბულგარეთი            3          0/3       210/257           3
 
F ჯგუფი
ბელგია – ჩეხეთი 75 – 69
ბოსნია – პორტუგალია 73 – 59
 
1.         ბელგია                      3          3/0       232/192           6
2.         ჩეხეთი                      3          2/1       220/187           5
3.         ბოსნია                       3          1/2       194/216           4
4.         პორტუგალია           3          0/3       173/224           3
 
ნახევაფინალები. 23 ივლისი
საქართველო – ჩეხეთი   20:30
ბელგია – ესტონეთი        22:45