სლოვენიაში მიმდინარეობს Junior NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი საკალათბურთო კემპი, რომელშიც კონტინენტის 17 ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ ქართველებიც. ქალაქ როგლაში Junior NBA-ს კემპი 30 აპრილს გაიხსნა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, მასში საასპარეზოდ საქართველოდან გაემგზავრნენ მწვრთნელი – ჯაბა ბაქრაძე, შარშანდელი Junior NBA GBF League 2017-ს საუკეთესო მოთამაშე – ლუკა ალავიძე (2005) და გამორჩეული მოთამაშეები – გეგა წულაია (2005) და მარიამ გოგიჩაიშვილი (2004).
ბავშვები სხვადასხვა საკალათბურთო ვარჯიშებში მონაწილეობენ და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას ცდილობენ. კემპის მიზანია Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ევროპის გუნდის დაკომპლექტება. სლოვენიაში შეკრებილი ბავშვებისგან საუკეთესოები ევროპის ნაკრებში მოხვდებიან და მიმდინარე წლის აგვისტოში, ამერიკის ქალაქ ორლანდოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრებიან. მოთამაშეებთან ერთად მოხდება ევროპის გუნდისთვის მწვრთნელების შერჩევაც. ორი მწვრთნელი გოგონათა ნაკრებისთვის, ორიც – ვაჟებისთვის.
რაც შეეხება Junior-NBA-ს მსოფლიო ჩემპიონატს, იგი წარმოადგენს ამ ტიპის პირველ გლობალურ ახალგაზრდულ საკალათბურთო ტურნირს. მასში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს 70 ქვეყნიდან შერჩეული 14 წლამდელთა გუნდები. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება პარალელურად – ცალკე გოგონათა და ცალკე ვაჟთა შორის. თითოეულ ტურნირში 16 რეგიონალური გუნდი იასპარეზებს, რომელთაგან 8 აშშ-ს, ხოლო 8 დანარჩენ მსოფლიოს (აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი, აზია პასიფიკი, კანადა, ჩინეთი, ევროპა, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ ამერიკა) წარმოადგენს. ამერიკის 8 გუნდი და მსოფლიოს 8 გუნდი ცალ-ცალკე, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ და გამოავლენენ თითო საუკეთესოს, რომელთაგან 12 აგვისტოს, ფინალურ მატჩში Junior -NBA-ის მსოფლიოს ჩემპიონი გამოვლინდება.
მარიამ გოგიჩაიშვილი : აქაური პრაქტიკა ძალიან დიდი წინსვლაა ჩვენი კარიერისთვის კალათბურთში. განსხვავებული ვარჯიშებია, რაც საქართველოში არ ტარდება. მომავლისთვის გავითვალისწინებ ყველა ვარჯიშს, დავიმახსოვრებ და გამოვიყენებ. რაც შეეხება ჩემს მიზანს, აქ ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებს – ორლანდოში გამგზავრება. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ.
გეგა წულაია : ძალიან საინტერესო კემპია და აუცილებლად გამოგვადგება მომავლისთვის. ბევრი რამ შევიძინეთ, რასაც აუცილებლად გამოვიყენებთ სხვადასხვა ტურნირებზე.
ლუკა ალავიძე: ძალიან კარგი ვარჯიშები გვიტარდება. ევროპელი მწვრთნელები ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვან ვარჯიშებს გვიტარებენ. დიდი გამოცდილება მივიღეთ, როგორც მწვრთნელებისგან, ისე ბავშვებისგან. კემპის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემი მიზანიც ორლანდოში მოხვედრაა.
ჯაბა ბაქრაძე: მიმდინარე კემპი ძალიან დატვირთულია. უამრავი ახალი ინფორმაცია და სულ სხვანაირი მიდგომაა. აქ მწვრთნელები ვარჯიშებს სხვადასხვა კუთხით ატარებენ. შანსი ევროპელ მწვრთნელებსაც ეძლევათ – მათ შეუძლიათ ჩაატარონ საკუთარი ვარჯიშები, რაც ძალიან კარგია საკუთარი თავის წარმოჩენისათვის. რაც შეეხება მოსწავლეებს, კონკურენცია დიდია და ყველა მონდომებით ვარჯიშობს. მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი მოთამაშეები დავალებებს თავს ძალიან კარგად ართმევენ და იმედია, რომელიმე დაისაკუთრებს ადგილს ევროპის ნაკრებში. დიდი მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მოცემული შანსისათვის.