ქართველების ბენეფისი იტალიის სუპერთასზე: სანიკიძის ორმაგი დუბლი და მარკოიშვილი MVP!

ქართველების ბენეფისი იტალიის სუპერთასზე: სანიკიძის ორმაგი დუბლი და მარკოიშვილი MVP!

იტალიის ახალი საკალათბურთო სეზონის პირველი ტიტული ქართველების გუნდებმა გაითამაშეს. მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“ ვიქტორ სანიკიძის „სიენას“ წინააღმდეგ. იტალიის სუპერთასის გამარჯვებული „კანტუ“ გახდა, მანუჩარ მარკოიშვილი კი მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) აღიარეს.
 

მარკოიშვილი და მაარტენ ლუნენი გამარჯვებას ზეიმობენ
 
ზედმეტი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ამ ერთ-ერთი უძლიერესი ლიგის სუპერსათასო მატჩი ქართველების საჯილდაო ასპარეზად გადაიქცა. ორივე გუნდში საქართველოს ნაკრების წევრები გამოირჩეოდნენ და სწორედ მათ მარიფათზე იყო დამოკიდებული კონკრეტული გუნდის წარმატება. „სიენას” რომ გაემარჯვა, ეჭვი არაა, MVP ვიქტორ სანიკიძე გახდებოდა. სანიკიძემ „სიენას“ შემადგენლობაში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში შესაშური შედეგიანობა გამოავლინა. ვიქტორმა მოედანზე მყოფ ყველა კალათბურთელზე მაღალი სარგებლიანობა გამოავლინა: მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 36 ერთეული შეადგინა, მაგრამ MVP ტრადიციისამებრ გამარჯვებული გუნდიდან აარჩიეს და ეს პატივი მანუჩარ მარკოიშვილს ერგო.
 

 
მატჩი საინტერესო გამოვიდა. პირველი მეოთხედი სიენელებმა მოიგეს (23:16), სანიკიძის გუნდი დიდი შესვენებისთვისაც იგებდა (42:37), თუმცა მეორე ტაიმიდან მარკოიშვილი და კომპანია ამოქმედდა და მატჩში გარდატეხა შეიტანა. მესამე მეოთხედში კანტუელები ჯერ დაწინაურდნენ, საბოლოოდ კი 7-ქულიანი გამარჯვება გაიფორმეს – 80:73.
 
მარკოიშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე თავისიანთაგან ყველაზე მეტი – 31 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 15 ქულა (5-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო), 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა და ამ შედეგზე უკეთესი მაჩვენებელი „კანტუს“ რიგებში კიდევ 2 კალათბურთელს ჰქონდა – ჯერი სმიტი 19 და ტაიუს ალექსი – 29, თუმცა საუკეთესოდ ქართველი კალათბურთელი დაასახელეს. ეს ის შემთხვევაა, როცა საუკეთესო არა უშუალოდ შედეგით, არამედ გამარჯვებაში შეტანილი წვლილით ვლინდება. ამ ნიშნით კი მანუჩარ მარკოიშვილი იყო საუკეთესო, რომელმაც კარიერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტიტულები ერთად მოიგო.

 
მანუჩარ მარკოიშვილი: 31 წუთი: 15 ქულა, 5 მოხსნა, 1 ჩაჭრა.
ვიქტორ სანიკიძე: 35 წუთი: 17 ქულა, 16 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. 
 

 
აღვნიშნოთ, რომ სუპერთასი იტალიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტიტულია, რომლისთვისაც ქვეყნის 2 საუკეთესო გუნდი იბრძვის. „სიენამ“ გასულ სეზონში ჩემპიონობაც მოიგო და თასიც. სიენელებს სუპერთასისთვის თასის გათამაშების ფინალისტი „კანტუ” დაუპირისპირდა, რომელმაც, როგორც იქნა გატეხა ნავსი და იტალიის ბოლო წლების დომინანტი „მონტეპასკი“ დაამარცხა.
 
რაც შეეხება ვიქტორ სანიკიძის მონაგარს – „სიენას“ ახალწვეულმა პირველივე ოფიციალურ მატჩში გააკვირვა გუნდის ხელმძღვანელობა. „ვიკამ“ იტალიური ლიგისთვის წარმოუდგენლად ბევრი – 16 მოხსნა მიითვალა, რასაც 17 ქულა, 1 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაყოლა. სანიკიძემ 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი გააცუდა. მან მოედანზე 35 წუთი გაატარა – თანაგუნდელ დევიდ მოსზე 1 წუთით ნაკლები.
 

 
მაშ ასე, სერია A-ს საკალათბურთო სეზონი ქართველებმა ხმაურიანად დაიწყეს. იტალიურ პრესას ჩემპიონატის დაწყებამდე ქართველების წყალობით სალაპარაკო თემები მიეცა: სუპერთასის საუკეთესო მანუჩარ მარკოიშვილი და სიენელთა სუპერშენაძენი ვიქტორ სანიკიძე, რომლის 17 ქულისა და 16 მოხსნის მიუხედავად იტალიაში ბოლო წლებში ყველა ტიტულის მომგებმა “მონტეპასკიმ” სასუპერთასო მატჩში “კანტუსთან” წააგო.
 
სერია A  27 სექტემბერს, “სიენა”-“ბრინდისის” მატჩით იწყება.  “კანტუ” პირველ ტურში, 2 ოქტომბერს, “ვენეციას” დაუპირისპირდება.
 
მატჩისშემდგომი ინტერვიუ მანუჩარ მარკოიშვილთან: http://video.gazzetta.it/parla-georgiano-cantu-mvp-supercoppa/8bef1aae-04f1-11e2-ab51-81a3e4e17200
 
კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური