ქართველების იტალიური გამარჯვებები

ქართველების იტალიური გამარჯვებები

სერია A
წარმატებული დღე ჰქონდათ იტალიის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველებს. სამივე ჩვენებურის გუნდმა გაიმარჯვა.  მეორე ადგილს მყარად ინარჩუნებს მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“, რომელმაც ამ ტურში შინ „ბიელა“ 82:77 დაამარცხა. მარკოიშვილი ხუთეულში არ ყოფილა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 15 წუთი გაატარა.
 
მარკოიშვილმა 3–დან 2 ორქულიანი და 3–დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი კი ააცილა და 7 ქულას დასჯერდა. მანუჩრმა 2 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიითვალა. კანტუელებს 26 მატჩიდან 20 გამარჯვება აქვთ და ისინი „სიენას“ შემდეგ იტალიაში მეორე ადგილზე არიან.
 
წაგებების შემდეგ გამარჯვების გემო გაიხსენა ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარმა“. ბოლონიელებმა სტუმრად „ვანოლი“ 95:88 დაამარცხეს. ქართველი ფორვარდი ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მოედანზე 25 წუთით გავიდა და საკმაოდ პროდუქტიულიც იყო. ვიქტორს ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. მან 11 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა, რასაც 1 პასიც მოაყოლა. სანიკიძემ 5–დან 3 ოქრულიანი, 2–დან 1 სამიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 13-13 მოგებ-წაგებით „კანადიან სოლარი“ მე–7 ადგილზეა და საპლეიოფო 8 გუნდში მოსახვედრად იბრძვის.
 
სტუმრად 83:75 იმარჯვა 18 წლის მერაბ ბოქოლიშვილის „ეარ აველინომ“, თუმცა ახალგაზრდა ქართველს არც ამჯერად მისცემია თავის გამოჩენის შესაძლებლობა. ის სათaდარიგო იყო. „აველინო“ კი მე–4 ადგილზე იმყოფება. თუმცა მასაც „კანადიან სოლარივით“ 13–13 მოგებ–წაგება აქვს, თუმცა ბურთების უკეთესი შეფარდებითაა დაწინაურებული.
 
    ლეგა დუე
ეროვნული ნაკრების წევრ ნიკა მეტრეველს „რიმინის“ შემადგენლობაში მცირე ხნით ათამაშებენ, თუმცა გასული ტურის მატჩში ქართველმა ცენტრმა შესანიშნავად ითამაშა და იქნებ ამის შემდეგ მაინც მიეცეს მას მოედანზე მეტი ხნით ყოფნის შესაძლებლობა. მორიგი ტურის მატჩში „რიმინიმ“ სწორედ ქართველის წყალობით გაიმარჯვა. რიმინელები ქულით ჩამორჩებოდნენ მეტოქე “ტრენკვალდერს”, თუმც მეტრეველმა საფინალო სირენის წინ გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო – 70:69.
 
მეტრეველმა 8 ქუთი ითამაშა და არც ერთი სროლა არ აუცილებია. მან 2–დან 2 ორქულიანი ჩააგდო და ასეთივე წარმატებით ესროლა საჯარიმოებიც. საბოლოოდ ნიკას 6 ქულა, 1 მოხსნა და 1 დაფარება დაუგროვდა. მისი გუნდი „ლეგა დუეში“ მე–7 ადგილზე იმყოფება.
 
გერმანიის ბუნდესლიგა
გაუთავებელი წაგებების შემდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ლაშა გამყრელიძის „გესენმა“, რომელმაც ცხრილში მის გვერდით მყოფი „მიტელდოიჩერი“ 81:71 დაამარცხა. ამ გამარჯვებით გესენელები მე–15 ადგილზე აღზევდნენ და ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად აქამდელზე უკეთეს სიტუაციაში არიან.
 
ქართველმა უკანახაზელმა მხოლოდ 8 წუთს ითამაშა და მეტოქის ფარს ერთადერთხელ შეუტია, თუმცა ააცილა. გამყრელიძეს 1 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. მომდევნო შეხვედრას გესენელები ცხრილში შედარებით დაწინაურებულ „ჰაგენთან“ გამართავენ.
 
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
ისე გამოვიდა, რომ ესპანეთის ჩემპიონატში ჩვენი ნაკრების წევრთაგან მხოლოდ ქუინტონ ჰოსლიმ ითამაშა, რომელზეც გუშინ გაცნობეთ. საკვირაო მატჩებში ტორინ გრინს ჰქონდა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა, თუმცა მას სერიოზული ტრავმა აქვს და „ლაგუნ აროსთან“ (რომელიც ნიკა ცქიტიშვილმა 2 კვირის წინ დატოვა) 79:74 მოგებულ შეხვედრაში არ უთამაშია.
 
ბექა ბურჯანაძის „კახასოლი“ ევროთასის ფინალს თამაშობდა იტალიაში და მიმდინარე ტურის შეხვედრა გადაედო. მისი მეტოქე ტაირონ ელისის “ესტუდიანტესი“ უნდა ყოფილიყო. ეს მატჩი 21 აპრილს გაიმართება.