“ქართველი” ამერიკელები “რეალს” ბოლომდე ებრძოლნენ

“ქართველი” ამერიკელები “რეალს” ბოლომდე ებრძოლნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი წევრების – მარკიზ ჰეინსისა და ტორინ გრინის გუნდმა „გრან კანარიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში მადრიდის „რეალთან“ წააგო. კანარიელებმა სამეფო კლუბი კუნძულზე ისტუმრეს და როგორც შეეძლოთ, წინააღმდეგობა გაუწიეს. საბოლოოდ მადრიდელებმა 68:60 იმარჯვეს.
 
პირველი ნომრის პოზიციაზე სასტარტო ხუთეულში მარკიზ ჰეინსის ნაცვლად ამჯერად გრინმა ითამაშა. თუმცა საბოლოო ჯამში მოედანზე მეტი დრო მაინც ჰეინსმა გაატარა. 23:14 წუთში მარკიზმა 11 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ჰეინსმა 9 ორქულიანიდან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
 

ტორინ გრინი
 
გრინმა კი მოედანზე 20 წუთი გაატარა და 3 ქულა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა მიითვალა. გრინმა ერთადერთი ორქულიანი ზუსტად შეასრულა, 2 საჯარიმოდან 1 ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი აუცდა. კანარიელთაგან ბომბარდირი მიშელ ბრამოსი გახდა 15 ქულით. გამარჯვებულთაგან კი ყველაზე მეტი – 14 ქულა, რუდი ფერნანდესს დაუგროვდა.
 
1 მოგებითა და 4 მარცხით „გრან კანარია“ ლიგაში ბოლო ადგილს იყოფს „მურსიასთან“ ერთად. მომდევნო შეხვედრას კანარიელები 6 ნოემბერს სტუმრად „ალიკანტესთან“ ჩაატარებენ.