ქართველი მთავარი დელეგატი და კომისარი ქალთა და კაცთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე

ქართველი მთავარი დელეგატი და კომისარი ქალთა და კაცთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე

მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველაფერთან ერთად სპორტულ ცხოვრებაც ძირფესვიანად შეიცვალა. კალათბურთში ეროვნული ნაკრებების საკვალიფიკაციო მატჩების უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველსაყოფად ფიბა-მ ეგრედწოდებული “ბაბლის” სისტემის გამოყენება გადაწყვიტა, რაც გუნდების ერთ სივრცეში თავმოყრას გულისხმობს. ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილეები ჯგუფების მიხედვით ერთ-ერთ მონაწილე ქვეყანაში შეიკრიბებიან და მთლიანი ფანჯრის თამაშებს ერთ დარბაზში ჩაატარებენ.

ასეთ ვითარებაში, ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტთან ერთად უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ფიბა-ს მიერ დანიშნულ კომისრებსა თუ მატჩის დელეგატებს. ამ საქმეში უკვე ჩაერთო ერთადერთი ქართველი ფიბა-ს კომისარი/ტექნიკური დელეგატი მერაბ რატიშვილი, რომელიც ამჟამად საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ირაკლიონში იმყოფება, სადაც ქალთა ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის 2 ჯგუფის გუნდები არიან შეკრებილნი. 

რატიშვილი 2 ჯგუფის (ა ჯგუფი: საბერძნეთი, სლოვენია, ბულგარეთი, ისლანდია; ბ ჯგუფი: შვედეთი, მონტენეგრო, ისრაელი) თამაშებს მოემსახურება, რომლებიც 12 და 14 ნოემბერს კრეტაზე გაიმართება. მანამდე კი, როგორც “ბაბლის” მთავარი კომისარი, ფიბა-სა და ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იგი მოახდენს საორგანიზაციო საკითხების, კოვიდ-19-თან დაკაშირებული რეგულაციების, სათამაშო და სავარჯიშო დარბაზების ახალ რეალობასთან შესაბამისობაში გადაიარაღებისა და სხვა მიმდინარე საკითხების მოგვარებას. 

ანალოგიური მისიით, მთავარი ტექნიკური დელეგატის რანგში, რატიშვილი 23-30 ნოემბერს ესტუმრება სლოვენიასაც, რომლის დედაქალაქი ლიუბლიანაც კაცთა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის F ჯგუფს (უკრაინა, სლოვენია, უნგრეთი, ავსტრია) უმასპინძლებს. მერაბ რატიშვილის ზემოთაღნიშნული მატჩების ორგანიზება-რევიზიაში ჩართულობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მომავალი თებერვლის “ბაბლის” მასპინძლობას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს საკვალიფიკაციო მატჩების გამართვა “ბაბლის” პრინციპით ფინეთის ქალაქ ესპოოში მოუწევს, სადაც ჩვენი ჯგუფის ოთხივე წარმომადგენელი (ფინეთი, სერბეთი, შვეიცარია, საქართველო) შეიკრიბებიან. ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს 28 ნოემბერს ფინეთთან, ხოლო 30-ში შვეიცარიასთან მოუწევს დაპირისპირება.

შემდეგი ფანჯრის თამაშები მომავალი წლის თებერვალშია დაგეგმილი და სწორედ ამ თამაშების “ბაბლის” პრინციპით მასპინძლობას გეგმავს საქართველო. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველო მომავალი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია გერმანიასთან, ჩეხეთთან და იტალიასთან ერთად, რომელიც 2021 წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ ფიბა-მ კორონავირუსის პანდემიის გამო 2022 წლისთვის გადაიტანა.