ქართველმა 20-წლამდელებმა იტალიასთან მეორე სპარინგიც დათმეს

ქართველმა 20-წლამდელებმა იტალიასთან მეორე სპარინგიც დათმეს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან ბოლო 8 დღეში მეორედ დამარცხდა. დავით უსტიაშვილის გუნდმა იტალიელებთან პირველად სანტ-ანჯელოს ტურნირზე, 21 ივნისს, 57:80 წააგო, მეორედ კი 29 ივნისს, დომეჯი დიკადორში.
მეორე მარცხი უფრო დიდსხვაობიანია. ქართველები მთავარი ლიდერის – ბექა ბურჯანაძის გარეშე თამაშობდნენ, რომელმაც ვარჯიშზე ხელის ნეკა თითის ძვალი გაიბზარა. პირველ მატჩში ბურჯანაძემ იტალიელებს 21 ქულა ჩაუგდო, ამჯერად კი თავისიანებს ვეღარ დაეხმარა.
ქართველებმა პირველი მეოთხედი 14:27 წააგეს, დიდი შესვენების შემდეგ კი უკვე 19 ქულით ჩამორჩებოდნენ. მეორე ტაიმში რამის შეცვლა ქართველებმა ვეღარ მოახერხეს და საბოლოოდ 53:82 დამარცხდნენ. ჩვენიანთაგან ყველაზე შედეგიანი გიორგი ცირეკიძე იყო 12 ქულით, ირაკლი მიქელაძემ და ლერი კვანტალიანმა კი 7-7 ქულა მიითვალეს.
ტურნირის მეორე მატჩში უკრაინამ ბულგარეთი 84:68 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებმა დომეჯი დიკადორის ტურნირი სწორედ უკრაინის ძლევით დაიწყო. 30 ივნისს საქართველოს ნაკრები ტურნირის ბოლო მატჩს ბულგარეთთან გამართავს.
 
საერთაშორისო ტურნირი “მენეგინ დი სილვესტრი”. დომეჯი დიკადორი. იტალია. 29 ივნისი
იტალია 82:53 საქართველო
27:14, 20:14, 20:17, 15:8
იტალია: რუზერი, ბოსი (3), ჯიოვარა (8), კარნოვალი (3), ტურელი, ლომბარდი (7), იმბრო (13), ავუდუ (7), ლანდი (8), ლაგანა (16), სპერა (2), პაესანო (15)
საქართველო: ორმოცაძე, რამიშვილი (5), ო. ფხაკაძე (3), გრძელიძე, მიქელაძე (7), კვანტალიანი (7), ცირეკიძე (12), როგავა (6), გელაზონია (5), ჯინჭარაძე (6), თ. ფხაკაძე (2)