ქართველმა 20-წლამდელებმა პირველი ტაიმი კვლავ კარგად ითამაშეს, მაგრამ…

ქართველმა 20-წლამდელებმა პირველი ტაიმი კვლავ კარგად ითამაშეს, მაგრამ…

20-წლამდელთა ნაკრებმა ტრადიციას არ უღალატა და მძლავრად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ნახევარი ისევ ჩააგდო. დავით უსტიაშვილის გუნდის მეტოქე ამჯერად შვედეთი იყო.სკანდინავიელებმა საკვალიფიკაციო ჯგუფში აქამდე ორივე შეხვედრა მოიგეს. მონტენეგროც დაამარცხეს და ესტონეთიც. ასე რომ, საქართველოს ნაკრები რთული ამოცანის წინაშე იდგა. მიუხედავად ამისა, ქართველებმა თავიდანვე კარგად დაიწყეს თამაში და პირველ მეოთხედში ტოლი არაფერში დაუდეს მეტოქეს. შვედებმა პირველი მეოთხედის დასრულებამდე 2 წამით ადრე საჯარიმოებით გაათანაბრეს ანგარიში (21:21), მანამდე კი მთელი პერიოდის მანძილზე აგებდნენ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველების უპირატესობა 5 ქულას არ ასცილებია. 21 ქულიდან 13 ბექა ბურჯანაძის ანგარიშზე იყო.

მეორე მეოთხედი დუდა სანაძის სამქულიანით გაიხსნა და საქართველო 24:21 დაწინაურდა. ქართველებს ისევ უჭირდათ ფარზე თამაში. ამ მომენტისთვის შვედებს 16 მოხსნა ჰქონდათ, ქართველებს კი მხოლოდ 8. მიზეზი, რის გამოც ჩვენები მეტოქეს უგებდნენ, შვედების შეცდომები იყო: სკანდინავიელთა 7 დაკარგვა ქართველების 1-ის წინააღმდეგ. თუმცა შვედებმა მაინც მოახერხეს მატჩში პირველად გალიდერება. ეს გადეფორსისა და ბორგის ორქულინების შემდეგ მოხდა – 25:24 ტაიმის დასრულებამდე 7 წუთით ადრე. მალე ბორგმა სამქულიოანიც ჩააგდო და შვედეთი 28:24 დაწინაურდა. დავით უსტიაშვილმა წუთშესვენება აიღო, რითაც შვედების აქტივობა დააშოშმინა და თამაშის განახლება იყო, სანაძემ სამქულიანი ჩააგდო – 27:28. ქართველთა მოპოვებული ამ 27 ქულიდან 24 ბურჯანაძე-სანაძის ანგარიშზე მოდიოდა.
პირველი ტაიმის დარჩენილ დროში გუნდები თანაბრად მიდიოდნენ. შვედები მცირე ლიდერობას ინარჩუნებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში 8 ქულა მიითვალა შეცვლაზე გამოსულმა რევაზ როგავამ, მაგრამ შვედებიც აგდებდნენ და პირველი ტაიმიც მათ სასარგებლოდ – 43:39. გასაოცარი რამ დაფიქსირდა: პირველ ტაიმში შვედებს 11 დაკარგვა ჰქონდათ, ქართველებს კი მხოლოდ – 1. სამაგიეროდ შვედები მოხსნებში (26/12) და სროლის სიზუსტეში (56.5/36.8) გვჯაბნიდნენ.
როგორც წინა მატჩებში, მეორე ტაიმში ყველაფერი თავდაყირა დადგა. შვედებმა სიწუსტეს უმატეს, ქართველებმა – შეცდომებს და ეს შედეგზეც აისახა. შვედეთმა მესამე მეოთხედი 27:14 მოიგო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 17 ქულით დაწინაურდა – 70:53. არც ბოლო მეოთხედი გამოდგა გამონაკლისი. შვედებმა განაგრზეს აქტიური და ზუსტი თამაში, რამაც ისინი იოლ გამარჯვებამდე მიიყვანა – 87:64.
მომდევნო მატჩს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები 20 ივლისს, ესტონეთის წინააღმდეგ გამართავს. უსტიაშვილის გუნდი კიდევ თითოჯერ სეხვდება საკვალიფიკაციო ჯგუფში მოხვედრილ გუნდებს, რის შემდეგაც გუნდები საბოლოოდ გაინაწილებენ XIII-XIV ადგილებს.
 ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. სლოვენია. ლიუბლიანა. 18 ივლისი
საქართველო 64:87 შვედეთი
21:21, 18:22, 14:27, 11:17
სრული სტატისტიკა:
http://live.fibaeurope.com/www/Game.aspx?acc=1&gameID=15016&lng=en
 

1.

შვედეთი

3

3/0

6
2.

ესტონეთი

3

2/1

5
3.

მონტენეგრო

3

1/2

4
4.

საქართველო

3

0/3