“ქართველმა” ამერიკელებმა კანარიელებს ესპანეთში გაამარჯვებინეს

“ქართველმა” ამერიკელებმა კანარიელებს ესპანეთში გაამარჯვებინეს

ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში მეორე გამარჯვება მოიპოვა კანარის კუნძულების გუნდმა „გრან კანარიამ“, ხოლო ამ წარმატების უმთავრესი შემოქმედები ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელები – მარკიზ ჰაინსი და ტორინ გრინი იყვნენ. კუნძულელებმა პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში ევროლიგის მონაწილე „ბილბაოს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 77:71 დაამარცხეს.
 

შეტევაშია მარკიზ ჰაინსი
 
ამ გამარჯვებით კანარიელებმა ცხრილის ფსკერს თავი დააღწიეს, რაშიც, როგორც აღვნიშნეთ, ლომის წილი ქართული პასპორტის მქონე ამერიკელებმა – მარკიზ ჰეინსმა და ტორინ გრინმა დაიდეს.  ”ბილბაოსთან” მოგებულ მატჩში, მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში ჰეინსი გამოჩნდა და 25:02 წუთში 15 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მარკიზმა 6-დან 5 ორქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, მეტოქეებს კი მასზე დაჯარიმება შვიდჯერ აიძულა.
 გრინმა მოედანზე 15:42 წუთი გაატარა, რა დროშიც ათ ქულას, ორ მოხსნასა და ერთ პასს გამორჩა. ტორინმა 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო ზუსტად სტყორცნა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი სამჯერ იუხეშეს.
 
”გრან კანარიამ” შვიდ ტურში მეორე მოგება მიითვალა და 18-გუნდიან ლიგაში მეთხუთმეტე ადგილზე აინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 19 ნოემბერს, სტუმრად, ”ფუენლაბრადასთან” ჩაატარებს.