ქართველმა გოგონებმა მოლდოვა 51:50 დაამარცხეს და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ

ქართველმა გოგონებმა მოლდოვა 51:50 დაამარცხეს და ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები ბრინჯაოს მედლების მფლობელია. მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის მე-3 ადგილისთვის მატჩში ნინო ყიფშიძისა და შოთა იაქაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულის სხვაობით დაამარცხა მასპინძლები და საპრიზო ადგილი დაიკავა.

ქართველებმა მოლდოველები ბოლო წამებზე, ნინო გადელიას ზუსტი ტყორცნის შედეგად 51:50 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრები პირველი ნახევრის შემდეგ 3 ქულით – 27:30 ჩამორჩებოდა, თუმცა შესვენებაზე შეძლო მობილიზება და მძლავრად ჩატარებული მე-3 პერიოდის შემდეგ 8 ქულით გალიდერდა. 

მასპინძლებმა ბოლო მეოთხედში მოახერხეს ჩამორჩენის აღმოფხვრა და დაწინაურდნენ კიდეც. ბოლო წუთზე მოლდოველები 50:48 იგებდნენ და ბურთსაც ფლობდნენ, თუმცა კარგი დაცვით მოპოვებული შეტევა ქეთი დანელაშვილმა დააგვირგვინა ზუსტი საჯარიმოთი. მოლდოველებმა წუთშესვენება აიღეს, თუმცა გვერდიდან შემოტანილი ბურთი მათ თამარ პაპუაშვილმა ჩაუჭრა. საფინალო სირენამდე 5 წამით ადრე, ნინო გადელიამ მარიამ დიდბარიძის ზუსტი პასით გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.

მე-3 ადგილისთვის მატჩი გამორჩეული შედეგიანობით ჩაატარა ქეთი დანელაშვილმა, რომელმაც 18 ქულა, 15 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქეთი ნომინალური ცენტრია და ძირითადად ფარქვეშ უწევს  თამაში, თუმცა მოლდოველებთან მატჩში სამქულიანიც შეასრულა და რაც მთავარია – ზუსტად. დანელაშვილის მსგავსად ორმაგი დუბლი შეასრულა ნინო გადელიამ, რომელმაც 18 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 10 ქულა და 8 მოხსნა თამარ პაპუაშვილის ანგარიშზეა, ხოლო ხატია ქებურიამ შეხვედრა 5 ქულით, 11 მოხსნით და 3 პასით დაასრულა.  

ნინო გადელია, რომელიც ტურნირზე ჩატარებული 5 მატჩიდან თითოში საშუალოდ 17 ქულას ითვლიდა, ორგანიზატორებმა სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს. საქართველოს ნაკრების კალათბურთელები ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ. 

ჩემპიონი გახდა ავსტრია, რომელმაც C დივიზიონში წელს პირველად იასპარეზა. ავსტრიელებმა ფინალური მატჩი შოტლანდიას 69:48 მოუგეს. პეტარ ობრადოვიჩთან და მარტინ ვულიჩთან ერთად ფინალურ შეხვედრას ქართველი არბიტრი, მაკა კუპატაძე მოემსახურა.

მოლდოვა – საქართველო
სტატისტიკა:
50:51