ქართველმა კადეტებმა პორტუგალიაში პირველივე მეტოქე დაამარცხეს

16-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. მადეირა, პორტუგალია.საქართველო 86:78 ირლანდია25:11 28:24 21:16 12:27საქართველო: გულმაგარაშვილი (14 წთ, 2ქ), ღუდუშაური (10 წთ, 6ქ), რამიშვილი (16 წთ, 14ქ, 3ჩ), ბურჯანაძე (33 წთ, 22ქ, 13მ, 5პ, 3ჩ, 3დ), ფხაკაძე (25 წთ, 4ქ, 2დ), ლოლიშვილი (21 წთ, 6ქ), მიქელაძე (28 წთ, 9ქ, 4პ), კვანტალიანი (8 წთ, 2ქ), ღვალაძე (11 წთ, 8ქ), როგავა (8 წთ, 3ქ), მესხი (16 წთ, 2ქ, 5მ), ნადირაძე (10 წთ, 8ქ)ირლანდია: ოსალივანი (29ქ), ოლირი (14ქ, 6მ), დოუნი (8ქ, 5პ)

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ჩვენმა 16-წლამდელებმა პირველივე პერიოდში მიაღწიეს სოლიდურ უპირატესობას და გამარჯვებულის ვინაობა უკვე 20 წუთის შემდეგ გაარკვიეს – 53:35. საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: გელა გულმაგარაშვილი, ოთარ ფხაკაძე, ირაკლი მიქელაძე, გიორგი მესხი და ბექა ბურჯანაძე. მათ მეტოქის კალათისკენ გზის გასაკვლევად დიდი დრო არ დასჭირვებიათ, საწყისი ხუთწუთიანი მონაკვეთის 7:9 წაგების შემდეგ ქართველებმა დაცვაში თამაში გამოასწორეს, შეტევაშიც მწყობრად ამოქმედდნენ და მომდევნო ოთხ წუთში მშრალად მოიგეს – 15:0. დროის ამ მონაკვეთში ქართველთა ლიდერობა ღვალაძემ, ლოლიშვილმა, რამიშვილმა და ბურჯანაძემ ითავეს. ბექა ბურჯანაძემ სამქულიანით ანგარიში 20:9 გახადა. გუშინ ბექას ყველაფერი გამოსდიოდა – მიუხედავად იმისა, რომ იგი ცენტრია, პერიმეტრზეც დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ფარქვეშაც (13 მოხსნა მოაგროვა), დამაგვირგვინებელ ფაზაშიც (22 ქულა) და დაცვაშიც (3 ჩაჭრა, 3 დაფარება). დიდ შესვენებაზე გია კაზანჯიანის შეგირდები 18-ქულიანი უირატესობით გავიდნენ. საჭირო იყო მესამე მეოთხედის კარგად ჩატარებაც და თამაში მოგებული იყო. ჩვენრბმა არც გადამწყვეტ მომენტში შეირცხვინეს თავი და მესამე ათწუთეული მეტოქეს 21:16 მოუგეს, რითაც ბოლო პერიოდის წინ 74:51 დაწინაურდნენ. ამის შემდეგ ქართველებმა თავს დასვენების უფლება მისცეს, “სამყურებს” მეოთხე მეოთხედი 12:27 დაუთმეს, მაგრამ გამარჯვებამდე აუღელვებლად მივიდნენ.რადგან ბოლოს ირლანდიამ თამაში გამოასწორა, საბოლოოდ სტატისტიკურ მონაცემებში დიდი სხვაობები არ დაფიქსირდა. თუმცა, ორქულიანებში ქართველთა უპირატესობა მაინც გამოიკვეთა: კუნძულელებს 28 ორქულიანი ჩავუგდეთ (50-დან), ხოლო საკუთარ კალათში 21 მივიღეთ. ბოლო პერიოდში ჩაგდებული სამი სამქულიანის წყალობით ირლანდიამ ამ კომპონენტში 9:6 გვაჯობა, ხოლო საჯარიმოებში 12:9 მოვუგეთ. გია კაზანჯიანის მოწაფეებმა 29 მცდელობიდან ოდენ 12 თავისუფალი ტყორცნა გამოიყენეს. 8 აგვისტოს საქართველო დანიას შეხვდება და ამ შეხვედრის მოგების შემთხვევაში მომდევნო ჯგუფური ეტაპის საგზურს გავინაღდებთ.