ქართველმა მსაჯებმა ონლაინ-შეხვედრა ევროლიგის არბიტრ ილია ბელოშევიჩთან გამართეს

ქართველმა მსაჯებმა ონლაინ-შეხვედრა ევროლიგის არბიტრ ილია ბელოშევიჩთან გამართეს

მორიგ სამუშაო ონლაინ-კონფერენციაზე ქართველ მსაჯებს გამორჩეული სტუმარი ჰყავდათ. სერბეთიდან შეხვედრაში ჩაერთო მსოფლიო დონის არბიტრი, ევროლიგის ერთ-ერთმა წამყვანი მსაჯი ილია ბელოშევიჩი. 

სანამ შეხვედრის დეტალებზე გადავალთ, შეგახსენებთ, რომ ქართველი მსაჯების ონლაინ-შეხვედრებს სისტემატიური ხასიათი აქვს და მათი გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც კორონავირუსის გამო სხვა სფეროების მსგავსად საკალათბურთო აქტივობაც გაჩერდა და მოსახლეობის უმრავლესობა თვითიზოლაციაში აღმოჩნდა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივითა და მსაჯთა კავშირის ორგანიზებით ზემოთხსენებული ონლაინ-კონფერენციები პერიოდულად იმართება, სადაც სერბი ინსტრუქტორის, დრაგან ნეშკოვიჩის მიერ წარმოდგენილი ვიდეო-სავარჯიშოების განხილვით ქართველი მსაჯები “არ დუნდებიან”. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ მსაჯთა ინსტრუქტორად მოწვეულმა ნეშკოვიჩმა გადაწყვიტა, აღნიშნულ ონლაინ-შეხვედრებში კონტინენტის საუკეთესო და ავტორიტეტული მსაჯები მოეწვია, რაც ქართველი არბიტრებისთვის განვითარების კარგი საშუალება იქნებოდა.

მწვრთნელთა კავშირთან შეთანხმებით, აღნიშნულ კონფერენციაზე მოწვეულ იქნენ სუპერლიგისა და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები, რომლებმაც მსაჯებთან ერთად განიხილეს წარმოდგენილი ვიდეო-რგოლები და მათთან დაკავშირებით მოისმინეს ილია ბელოშევიჩის კომპეტენტური აზრი. სამუშაო-შეხვედრის მთავარი თემა იყო არასპორტული ჯარიმა (Unsportsmanlike Foul), რომელთან დაკავშირებული შემთხვევები ერთობლივად განიხილეს და თუ რამე საორჭოფო იყო, მისადმი ევროლიგის მსაჯის მიდგომა თავად ილია ბელოშევიჩისგან მოისმინეს.

ვიდეო-კლიპების განხილვის შემდეგ კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ილია ბელოშევიჩი პირადად იცნობდა ონლაინ-კონფერენციის რამდენიმე მონაწილეს: საერთაშორისო მსაჯ მაკა კუპატაძეს, ფიბა-ს კომისარ მერაბ რატიშვილს, “დინამო თბილისის” მაკედონიელ მწვრთნელ მუჰამედ ტაჩის და რა თქმა უნდა, ეროვნული ნაკრებისა და “ტიტების” მწვრთნელ მანუჩარ მარკოიშვილს. სხვადასხვა დონეზე “მანუს” მონაწილეობით გამართული მატჩები (ევროლიგა, ადრიატიკის ლიგა, ევროთასი, ევრობასკეტი) ბელოშევიჩს ძალიან ბევრჯერ უმსაჯია და ქართველ კალათბურთელთან საკმაოდ კონსტრუქციული და ახლო ურთიერთობა აკავშირებს. 

წარმოგიდგენთ ამ შეხვედრის დასკვნითი ნაწილის ჩანაწერს, სადაც ილია ბელოშევიჩმა კონფერენციის მონაწილეების: მაკა კუპატაძის, მიხეილ ვართანოვის, მუჰამედ ტაჩის, მანუჩარ მარკოიშვილისა და სხვათა შეკითხვებს უპასუხა. 

ქართველი მსაჯების შემდეგი ონლაინ-კონფერენცია მომავალ სამშაბათს გაიმართება, რომლის თემაც შეტევაში ჯარიმები (Offensive Foul), ხოლო სტუმარი ევროლიგის გამოცდილი და ერთ-ერთი წამყვანი არბიტრი, სრეტენ რადოვიჩი იქნება. ხორვატი მსაჯი სხვადასხვა საკალათბურთო კომპონენტების შესახებ არაერთი პრეზენტაციის ავტორია და ხსენებულ თემაზე ქართველ არბიტრებს სემინარს ჩაუტარებს. შეხვედრაზე დასწრების საშუალება, რა თქმა უნდა, მწვრთნელებსაც მიეცემათ.