ქართველმა ჭაბუკებმა რუმინელი თანატოლები გაანადგურეს

ევროპის ჩემპიონატი. B დივიზიონი. სარაევო. 26 ივლისი
რუმინეთი 58:79 საქართველო
მიხეილ კობეშავიძის გაწვრთნილმა საქართველოს 18–წლამდელთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ბოსნიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე. მას შემდეგ, რაც ჩვენები შოტლანდიასთან და ჰოლანდიასთან დამარცხდნენ, ჯგუფის მესამე მატჩში რუმინეთი გამოიჭირეს და მთელი 21 ქულით, 79:58 დაჯაბნეს.
ქართველებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს, რაც იქიდან ჩანს, რომ პირველივე მეოთხედში მოპოვებული 12–ქულიანი ლიდერობის განიავების მიუხედავად მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. მატჩი ჩვენიანთათვის კარგად დაიწყო – აკაკი დვალიშვილისა და მერაბ ბოქოლიშვილის უბადლო თამაშის წყალობით კობეშავიძის გუნდი 18:6 დაწინაურდა. თუმცა ქართველებმა ვერ მოახერხეს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და პირველი მეოთხედის ბოლოსთვის მხოლოდ 2 ქულითღა (23:21) იგებდნენ.
მეორე ათწუთეული თანაბარი იყო და ფრედაც (15:15) დამთავრდა, აი, დიდი შესვენების შემდეგ კი ჩვენებმა იძალეს. გუნდური თამაშის წყალობით ქართველებმა გაქცევა მოახერხეს და გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებას 9–ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ – 57:48. ეს აღმოჩნდა გარდამტეი მომენტი, რის შემდეგაც რუმინელებმა ვეღარაფერი დაუპირისპირეს ქართველებს და კობეშავიძის გუნდმა დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.
ჩვენიანთაგან ყველაზე მეტი – 21 ქულა მერაბ ბოქოლიშვილმა მოაგროვა, თუმცა ფიბა–ევროპის ოფიციალურმა ვებ–გვერდმა ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ აკაკი დვალიშვილი აღიარა, რომელმაც ორმაგი დუბლი (პლუს 3 დაფარება) გაახერხა – 18 ქულა, 11 მოხსნა. მრავალმხირვი შედეგიანობა გამოიჩინა ტარიელ თავართქილაზემ – 9 ქულა, 7 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა, თუმცა ამავდროულად ბურთი 6–ჯერ დაკარგა.
საქართველო 27 ივლისს ჯგუფის ბოლო მატჩში დაუმარცხებელ ჩერნოგორიას შეხვდება და რომც დაამარცხოს, მომდევნო ეტაპზე ვერ გადის.
 
ჩერნოგორია             3          3          0          6
შოტლანდია             4          2          2          6
ჰოლანდია                3          2          1          5
საქართველო            3          1          2          4
რუმინეთი                3          0          3          3
 

რუმინელებთან მერაბ ბოქოლიშვილმა და აკაკი დვალიშვილმა იყოჩაღეს