ქორქია/საკანდელიძის მემორიალის წინ

ქორქია/საკანდელიძის მემორიალის წინ

თბილავიამშენი ტიტულის მოგებას მათიაშვილთან ერთად ეცდება
ხვალ, რუსთავში ლეგენდარული სპორტსმენების, ოლიმპიური ჩემპიონების, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის მემორიალი აიღებს სტარტს.
ტურნირში სუპერლიგის ექვსივე გუნდი მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მოქმედი ჩემპიონი კი მასპინძელი, “ენერჯი ინვესტია”, რომელმაც შარშანდელი მემორიალის ფინალში 95:75 დაამარცხა თსუ, გიორგი გამყრელიძე კი ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.მემორიალის დაწყებამდე კლუბ “12 მაგიდა”-ში გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომელსაც ტურნირის მონაწილე გუნდების მწვრთნელები დაესწრნენ.
ჯამლეტ ხუხაშვილი (“მაკაბი”, მთავარი მწვრთნელი): “ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ტრავმირებულია და თუ პირველი შეხვედრისთვის 8-9 ჯანმრთელი მოტამაშე შევკრიბეთ, ესეც კარგი იქნება. მინდა გითხრათ, რომ დავით ბერიშვილმა გუნდი დატოვა, რადგან “მაკაბის” ფინანსურად ისე არ აქვს საქმე, რომ ამ მოთამაშეს მოთხოვნები დაუკმაყოფილოს. ირაკლი ბერიშვილი გუნდშია, თუმცა მცირე ტრავმების გამო ბოლო ვარჯიები არ ჩაუტარებია და აქედან გამომდინარე, შორს არის ოპტიმალური კონდიციებიდან. მემორიალის პირველ მატჩში მთავარ ფავორიტს, “ენერჯი ინვესტს” ვხვდებით და ცხადია, ფავორიტები არ ვართ, თუმცა სეზონის პირველ შეხვედრაშიც ამ გუნდს ვეთამაშეთ და ვიმარჯვეთ. “მაკაბი” ბოლომდე იბრძოლებს. შერმადინები მოედანზე იქნებიან.”
დავით უსტიაშვილი (“ენერჯი-ინვესტი”, მთავარი მწვრთნელი): “ცხადია, ეს ტურნირი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია და ვეცდებით, რომ შარშან მოპოვებული ტიტული დავიცვათ. გუნდში ყველა ჯანმრთელად არის და ვეცდებით, საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ მაღალი ხარისხის კალათბურთი ვითამაშოთ.”
ვაჟა მხეიძე (“თბილავიამშენი”, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “დავიმატეთ გამოცდილი მეფარე რიჩარდ მათიაშვილი, რომელმაც ჩვენი გუნდის თამაში როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში ნიშვნელოვნად უნდა გააძლიეროს. მათიაშვილი თსუ-ს ერთ-ერთი ლიდერი იყო და გვჯერა, რომ “თბილავიამშენში” თავის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს. გუნდი დავით ბარბაქაძემ დატოვა, სხვა მხრივ კი “თბილავიამშენში” არანაირი ცვლილება არ არის. თავისთავად, გუნდმა რომ სეზონის სტარტზე ბევრი შეხვედრა წააგო, ამ ფაქტით ყველანი უკმაყოფილონი ვართ და ვეცდებით, სიტუაცია ქორქია/საკანდელიძის მემორიალზე ნაჩვენები კარგი თამაშით გამოვასწოროთ. გუნდს აქვს დიდი პოტენციალი და გვჯერა, რომ პროგრესი არ დაახანებს.”
მიხეილ კობეშავიძე (“ვითა”, მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): “სამწუხაროდ, მემორიალს ტრავმებით ვხვდებით. არ გვეყოლება გამთამაშებელი ბექა წივწივაძე, რაც გუნდისთვის დანაკლისია, რადგან ამ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ გვაქვს, ხოლო თუ რამდენ ხანს ვერ ითამაშებს წივწივაძე, ამ ეტაპზე ამის თქმა მიჭირს. თაბაშირი ახლახან მოიხსნა ფეხიდან ლუკა ნოზაძემ და რუსთავში ვერც მას ვიახლებთ, სხვა მხრივ კი გუნდში ყველაფერი ძველებურად არის. საქართველოში დღესდღეობით არ არის გუნდი, რომლის დამარცხებაც არ შეიძლებოდეს და გვკერა, რომ “ვიტა” ქორქია/საკანდელიძის მემორიალზე თავის საუკეთესო კალათბურთს ითამაშებს.”
ზაზა ცაგარეიშვილი (“დინამო”, მთავარი მწვრთნელი): “გუნდში არც არავინ მოსულა და არც არავინ წასულა. მემორიალისთვის მთელი ძალისხმევით ვემსადებოდით და იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდი ფინალში გასვლას მოახერხებს. ყოველ შემთხვევაში, პროგრამა-მაქსიმუმი ეს გვაქვს და არა მგონია, რომ “დინამოსთვის” ეს მიუღწეველი იყოს. სეზონის სტარტზე არცთუ დამაჯერებელი თამაშის შემდეგ, პროგრესი სახეზეა და ქორქია/საკანდელიძის მემორიალს სუპერლიგისთვის მოსამზადებელ ეტაპად ნამდვილად არ განვიხილავთ. გავალთ მოედანზე, მაქსიმუმს ვაჩვენებთ და იმედი მაქვს , რომ წარმატებას მივაღწევთ.”