ქუინტონ ჰოსლის “ხუვენტუდმა” “ბარსელონას” დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა მატჩის ბოლო წუთებზე მაინც დამარცხდა – 65:68. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა ხუთეულში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 28 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ჰოსლიზე უკეთ ხუვენტუდელთაგან მხოლოდ ვილი მაკდონალდი გაისარჯა, რომელმაც 32 წუთში 16 ქულა მიითვალა.
ამასობაში საპლეიოფო ზონაში შევიდა ტორინ გრინის გარეშე დარჩენილი “გრან კანარია”. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ამერიკელმა წევრმა ათიოდ დღის წინ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და როგორც კლუბში აცხადებენ, სეზონის დარჩენილ მოედანზე ვერ გავა. კანარელებმა მორიგ ტურში სტუმრად “ალიკანტე” 75:66 დაამარცხეს და ცხრილში მე-6 ადგილზე ავიდნენ. კუნძულელებს 18 გამარჯვება და 13 მარცხი აქვთ და დარჩენილ 3 ტურში 2 გამარჯვებაც ეყოფათ, საპლეიოფო 8 გუნდს შორის რომ დარჩნენ.