ქუთაისელების პირველი გამარჯვება სტუდენტური კალათბურთის ლიგაში

ქუთაისელების პირველი გამარჯვება სტუდენტური კალათბურთის ლიგაში

სტუდენტური კალათბურთის ლიგა, რომლის ორგანიზატორებიც საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციები არიან, აქტიურად გრძელდება. 24 ივნისს ტურნირის ერთი მატჩი ქუთაისში გაიმართა, სადაც სათამაშოდ სპორტისა და ფიზიკური აღზრდის უნივერსიტეტის გუნდი ჩავიდა. 

ამ მატჩამდე ორივე გუნდს 2 მატჩი ჰქონდა გამართული, თუმცა გამარჯვება ვერ მოეპოვებინა. ქუთაისელებმა მაღალ დონეზე, სწრაფ ტემპში და მობილიზებულად ჩაატარეს მთელი შეხვედრა და დამსახურებულად გაიმრჯვეს. კობა კირთაძის გაწვრთნილმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) გუნდმა 22 ქულის სხვაობით – 93:71 დაამარცხა სპორტის უნივერსიტეტელები და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. 

პირველი ნახევარი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მასპინძლებს მხოლოდ მცირე უპირატესობა ჰქონდათ. პირველი პერიოდის შემდეგ ქუთაისელები 5 ქულით იგებდნენ, ხოლო დიდი შესვენებისთვის სხვაობა 3 ქულამდე შეუმცირდათ. მესამე პერიოდში აწსუ-მ ტემპს მოუმატა, რაშიც სპორტის უნივერსიტეტი ვერ აჰყვა და ბოლო მეოთხედის წინ სხვაობამ 9 ქულას მიაღწია. დასკვნით ათწუთეულში ქუთაისელებმა მოედანზე სრული დომინაცია დაამყარეს და საბოლოოდ დიდი სხვაობით იმარჯვეს.

აწსუ-ს 23-23 ქულით პაპუნა კირთაძემ და ცოტნე შავგულიძემ ულიდერეს. 12-12 ქულა რომან ლაღიძემ და დავით ფურცხვანიძემ მიითვალეს. სპორტის უნივერსიტეტში 21 ქულით საუკეთესო იყო დავით დოლიძე. 13 ქულა და 10 მოხსნა ლევან თავხელიძემ მოაგროვა.

სტუდენტური ლიგის მორიგი მატჩები 25 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ილიაუნი კავკასიის საეთაშორისო უნივერსიტეტს შეხვდება, სეუ კი თსუ-სთან გაარკვევს ურთიერთობას.

აწსუ – სპორტ უნი
სტატისტიკა: 93:71