ქუთაისი საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

ქუთაისი საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

22-წლამდელთა ჩემპიონატი ქუთაისელთა ტრიუმფით დასრულდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა გუნდმა ფინალური სერიის მეორე მატჩში 92:72 (სტატისტიკა) დაამარცხა კლუბი “ოვერტაიმი” და ჩემპიონი გახდა. სერია 2 მოგებამდე იყო, ქუთაისმა კი წინა სერიების მსგავსად ფინალიც მშრალი ანგარიშით – 2:0 მოიგო. 

შედეგად, ქუთაისელებმა წაუგებლად, 20 გამარჯვებით დაასრულეს ჩემპიონატი. რეგულარულ ჩემპიონატში იმერულმა კლუბმა 14-დან 14 მატჩი მოიგო, რის შემდეგაც მეოთხედფინალი, ნახევარფინალი და ახლა, ფინალიც, წაუგებლად განვლო და დამსახურებული ჩემპიონი გახდა. 

გადამწყვეტი შეხვედრა დღეს თბილისი არენაზე გაიმართა. ოვერტაიმმა ქუთაისელებს პირველი ტაიმი 45:43 მოუგო, მაგრამ ძალები მეტისთვის აღარ ეყო. მესამე პერიოდში კიდე მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა და 19:15 მოგებული ათწუთეულის შემდეგ იმერული გუნდი 2 ქულით დაწინაურდა. აი, ბოლო პერიოდში კი მხოლოდ ქუთაისელები დომინირებდნენ. ტურნირის მომავალი MVP-ის, გიორგი ოჩხიკიძის, ბაქარი ბერეკაშვილისა და გიორგი სულაბერიძის ლიდერობით ქუთაისელებმა დასკვნითი მეოთხედი 30:12 მოიგეს და საბოლოოდ 20-ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.

შეხვედრა 22-22 ქულით დაასრულეს ბერეკაშვილმა და ოჩხიკიძემ. გიორგი სულაბერიძემ 18 ქულა და 14 მოხსნა დააგროვა. გერა ჭეიშვილი გამარჯვებულებს 11 ქულით შეეწია. ოვერტაიმელთაგან 13 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო იყო კოკა კაკულია. 13 ქულა და  პასი დააგროვა სერგი ნინუამ. 10 ქულა ნიკა კირიაკიდის ანგარიშზე დაგროვდა.

მატჩის შემდეგ ოვერტაიმის მოთამაშეები ვერცხლის, ხოლო ქუთაისელები ოქროს მედლებით დააჯილდოვეს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრმა, დავით თორთლაძემ და სუპერლიგა/ასაკობრივი ლიგების დირექტორის მოადგილემ, ვანო ლაცაბიძემ. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, გიორგი ოჩხიკიძე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა, ხოლო საჩემპიონო თასი ქუთაისელთა მახარობლად მათ კაპიტანს, ბაქარ ბერეკაშვილს გადაეცა. 

შეგახსენებთ, რომ 22-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები “სოხუმი-საქართველომ” მოიგო.